ბეჭდვაგაგზავნა

ახალი „რენო ტვინგო GT“ გუდვუდში პრემიერისთვის მზადაა

„რენომ“ ინტერნეტით პატარა ჰეჩბეკ „ტვინგოს“ ტემპერამენტიანი ვერსია, „ტვინგო GT“ გაგვაცნო. საზოგადოების წინაშე ეს ავტომობილი პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარსდგება, რომელიც 23 ივნისს გაიხსნება.
როგორც ცნობილია, ახლანდელი თაობის „ტვინგო“ იმავე პლატფორმაზეა აგებული, რომელზეც „სმარტი“. ეს პლატფორმა „რენომ“ და „დაიმლერმა“, რომელსაც „სმარტი“ ეკუთვნის, ერთობლივად შეიმუშავეს. შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით, ახალი „ტვინგო GT“ პრაქტიკულად იმეორებს „სმარტის“ ტემპერამენტიან ვერსიას, რომელიც სატუნინგო ატელიე „ბრაბუსის“ მიერ არის შემუშავებული. ამ ორ ავტომობილს დაახლოებით 70 პროცენტი საერთო კომპონენტი აქვს.
„რენო ტვინგო GT“ აღჭურვილია ბენზინის 0.9-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 109 ცხენის ძალას და 170 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. თავის სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით, ამ ძრავს აქვს შეცვლილი პროგრამული უზრუნველყოფა და უფრო ეფექტური შემშვები სისტემა. ამით სიმძლავრემ მხოლოდ 20 ცხენის ძალით მოიმატა, თუმცა ასეთი პატარა ავტომობილისთვის ესეც საკმარისია.
ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. შედარებისთვის, „სმარტის“ ბრაბუსისეულ ვერსიაზე, ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით, 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. „რენო“ ტემპერამენტიანი „ტვინგოს“ დინამიკურ მახასიათებლებს ჯერ არ აქვეყნებს, თუმცა სავარაუდოდ, ადგილიდან ასის ასაკრეფად მას 9.5 წამი დასჭირდება.
„ტვინგო GT“ თავისი აგრესიული გარეგნობითაც გამოირჩევა. მას აქვს დაბალი კლირენსი, დამატებითი ჰაერის ამღები ჭრილები, სტაბილიზაციის სპორტულად მომართული სისტემა, 17-დუიმიანი ბორბლები და განსხვავებული გამოსაბოლქვი მილები, რომლებიც უკანა ბამპერშია განლაგებული.

„რენო ესპეისი“ ავტონომიური მართვით


„რენომ“ მინივენ „ესპეისის“ ბაზაზე შემუშავებული სამი ავტონომიური ავტომობილი შეიმუშავა და ისინი აპრილში ევროკავშირის 28 ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრებს წარუდგინა. ამსტერდამში გამართული პრეზენტაციისას ფრანგული კომპანიის მიზანს, ავტონომიური ტექნოლოგიების შესაძლებლობების დემონსტრირება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ავტონომიური ტექნოლოგიების განვითარებისთვის ხელის შეწყობას ითვალისწინებს.
წარდგენისას „რენომ“ გამოაცხადა, რომ ავტონომიურმა „ესპეისმა“, ევროპის საერთო სარგებლობის გზებზე რამდენიმე ასეული საათიანი ტესტები უკვე გაიარა. ტესტების დროს გამოჩნდა, რომ ახალი ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და სულ უფრო უხიფათო ხდება. ის უკვე უფრო უხიფათოც კი არის ვიდრე ადამიანის მიერ კონტროლირებული ავტომობილი. „რენოს“ ასევე მოჰყავს სტატისტიკა, რომლის შესაბამისადაც, საგზაო შემთხვევების 90 პროცენტზე მეტი, ადამიანის შეცდომის გამო მოხდა. უფრო მეტიც, ფრანგული კომპანია ირწმუნება, რომ ავტონომიური ტექნოლოგიების დანერგვა, მკვეთრად შეამცირებს საგზაო შემთხვევების რიცხვს და მათს სიმძიმეს.
ნიუ იორკის მოტორ შოუზე გამოსვლისას, „რენოს“ მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა განაცხადა, რომ „რენო“ და მისი თანაალიანსელი „ნისანი“, უპილოტო ავტომობილებს მასობრივ ბაზრამდე მიიყვანს. და ეს 2020 წლამდე მოხდება. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება მომავალი სამოდელო წლის „ნისან ქაშკაი“, რომელსაც მაგისტრალის ერთ ზოლში, ავტონომიურად უსაფრთხო გადაადგილების ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
ახალი ტექნოლოგიების ათვისების საქმეში, „რენოს“ და მის პარტნიორ „ნისანს“ ბევრი კონკურენტი ჰყავთ. მაგალითად, „ტესლამ“ შარშან თავის „მოდელ S-ზე“ ახალი კომპიუტერული პროგრამები გამოიყენა, რომლებიც ავტონომიურ ტექნოლოგიებში იქნება ჩართული. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა, მფლობელს საკუთარი ავტომობილის გამოძახების საშუალებას აძლევს.
საინტერესოა ერთი ფაქტი: შარშან მთელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით ნახევარი, სხვადასხვა სახის იმ ტექნოლოგებით არის აღჭურვილი, რომლებიც ავტონომიური ავტომობილის აუცილებელი ნაწილი გახდება. მათ შორისაა საგანგებო დამუხრუჭების სისტემა და უხილავი ადგილების მონიტორინგის სისტემა.

„რენო“ მომავალ სეზონში ძრავებით „რედ ბულს“ და „ტორო როსოს“ მოამარაგებს


მომავალი სეზონიდან, „რენო“ საკუთარი გუნდის გარდა, ძალური დანადგარებით კიდევ ორ გუნდს - „რედ ბულს“ და „ტორო როსოს“ მოამარაგებს. ფრანგულმა კომპანიამ მონაკოს დიდი პრიზის შემდეგ, ამ ორ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის შესაბამისადაც, „რედ ბულის“ ორივე გუნდი, ძრავებს მომდევნო ორ სეზონში მიიღებს. გასული სეზონის შემდეგ, „ტორო როსომ“ „ფერარისთან“ გააფორმა ძრავების კონტრაქტი, „რედ ბული“ კი „რენოსთან“ ურთიერთობის გაწყვეტას ცდილობდა. მაგრამ გამოუვალი მდგომრეობის გამო, მის ძრავებზე დარჩა. ოღონდ მათ საათების მწარმოებელი „TAG ჰოიერის“ მარკით ღებულობს და მომავალ სეზონშიც მისი სახელით მიიღებს. მაგრამ მონაკოს დიდ პრიზზე „რენოს“ ახალი აგრეგატი მიიღო, რამაც „რედ ბულის“ კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. პარალელურად, ფრანგული კომპანია ხარებს ურჩევდა, რომ ძრავებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ბრიტანულ ეტაპამდე მიეღო. „რენო“ „რედ ბულს“ ძრავებს 2007 წლის სეზონიდან აწვდის. მათ ერთად მსოფლიო ჩემპიონის ოთხი ტიტული და კონსტრუქტორთა ოთხი თასი (2010-2013 წლებში) მოიგეს. მაგრამ შარშანდელი სეზონის შემდეგ, „რედ ბულმა“ პარტნიორზე გული აიყარა. ამის მიზეზი, მისი ძრავების სისუსტე და არასაიმედობა იყო. სხვათა შორის, დაახლოებით მსგავსი სიტუაცია 2009 წლის სეზონშიც შეიქმნა და მაშინ „რენომ“ შეძლო ძრავის გაუმჯობესება. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასეთი პირი უჩანს. რაც შეეხება „ტორო როსოს“, იტალიური გუნდი ამ სეზონში „ფერარის“ შარშანდელ აგრეგატებზე გადავიდა. თან ამ სეზონისთვის შასის მომზადება გვიან დაიწყო, რადგან კარგა ხანს ძრავის საკითხი გაურკვეველი იყო. და ამის მიუხედავად, თავის ისტორიაში, რომელიც „მინარდის“ სახელით დაიწყო, საუკეთესო სეზონს ატარებს. „ტორო როსოს“ სახელით გუნდმა გამოსვლა 2006 წლის სეზონიდან დაიწყო. მაშინ ის „კოსუორტის“ ძრავებით სარგებლობდა. შემდეგი სეზონიდან კი „ფერარიზე“ გადავიდა და 2013 წლამდე მარანელოელთა ძრავებით სარგებლობდა. ფაენცელებმა 2014 წლიდან „რენოს“ ძრავებზე გადაინაცვლეს, ორი სეზონის შემდეგ კი ისევ „ფერარის“ დაუბრუნდნენ.

„რენომ“ მონაკოში 275-ცხენისძალიანი „კლიო RS 16“ გვიჩვენა


მონაკოს დიდი პრიზის დღეებში, „რენომ“ ქალაქ სახელმწიფოში ჰეჩბეკ „კლიოს“ ახალი, ყველაზე ექსტრემალური ვერსიის, „კლიო RS 16-ის“ კონცეპტუალური ვერსია წარადგინა. ფორმულა 1-ში საკუთარი გუნდით დაბრუნების და დივიზიონ „რენოსპორტის“ დაარსებიდან 40 წლის აღსანიშნად, ფრანგულმა კომპანიამ კონცეპტის სახელს ფ1-ის ბოლიდის ინდექსი - RS 16 დაამატა. „კლიოს“ ყველაზე მძლავრი და ექსტრემალური ვერსია, „მეგან RS 275 ტროფი-R-ის“ ძრავით აღიჭურვა. ესაა 2.0-ლიტრიანი ტურბო აგრეგატი, რომელიც 275 ცხენის ძალას და 360 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია მუშაობს. ცნობისათვის, „მეგან RS 275 ტროფი-R-იმ“ ორი წლის წინათ, ნურბურგრინგზე წინა ამძრავიანი ავტომობილების რეკორდი (7 წუთი და 54.3 წამი) დაამყარა. კონცეპტმა იმავე „მეგანისგან“ გაიზიარა „აკრაპოვიჩის“ წარმოების წყვილ გამოსაბოლქვი სისტემა, წინ მუხრუჭები და წინა საკიდარი დამოუკიდებელი საყრდენი მხარით. რაც შეეხება უკან საკიდარს, ის რალის სარბოლო ავტომობილ „კლიო R3T-ისგან“ არის აღებული. კონცეპტუალური ავტომობილი ფ1-ის ბოლიდ RS 16-ის ფერებში გააფორმეს. ამასთან, ძარის სიგანე 60 მილიმეტრით გაგანიერდა, რამაც ავტომობილს აეროდნმიკურ ელემენტებთან ერთად, აგრესიული იერი შესძინა. შეიცვალა ამორტიზატორები, რათა უფრო მძიმე ძრავის შესაბამისად იმუშაოს და ავტომობილის უკეთესი მართვა და მდგრადობა უზრუნველყოს. კონცეპტუალური ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დადგა. შეიცვალა გაგრილების სისტემა, რომელიც უფრო მძლავრი ძრავისთვის შესაფერისი ეფექტურობით გამოირჩევა. სანისლე ფარები LED განთების ბლოკებმა შეცვალა, რომლებსაც ფინიშის დროში შესაფერისად, ჭადრაკული ფორმა აქვს. „რენოს“ ამ კონცეპტის წარმოებასთან დაკავშირებით, თავისი გეგმები არ გამოუქვეყნებია.

ახალი „რენო გრანდ სცენიკი“


„რენომ“ ახალი თაობის კომპაქტვენი „გრანდ სცენიკი“ წარმოადგინა, რომლის გაყიდვებსაც წლის ბოლოს დაიწყებს. ახალი ავტომობილი, „სცენიკის“ მოზრდილი ვერსიაა. „სცენკის“ პრემიერაახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა და მაშინვე ცნობილი გახდა, რომ ფრანგული კომპანია მალე „გრანდ სცენიკსაც“ გაგვაცნობდა. ახალი ავტომობილი, „სცენიკის“ და ფლაგმან „ესპეისის“ ერთგვარი ნაჯვარია. მყიდველს „გრანდ სცენიკის“ ხუთ და შვიდ ადგილიან ვერსიებს შესთავაზებენ. ინტერიერში ძირი სწორია, რაც მფლობელს დიდგაბარიტიანი ბარგის გადატანის საშუალებას მისცემს. წინამორბედთან შედარებით, ახალი „გრანდ სცენიკი“ უფრო მაღალი ავტომობილია და აქვს მაღალი კლირენსი. ასევე არის უფრო გრძელი და განიერი. შემცირდა მისი უკანა გადმონაშვერი, წინა კი პირიქით - გაიზარდა. ახალი „გრანდ სცენიკი“ მოდულურ პლატფორმა CMF C/D-ზეა ბაზირებული, რომელიც ასევე გამოყენებულია უახლეს კომპაქტურ ჰეჩბეკ „მეგანსა“ და ქროსოვერ „კაჯარზე“. ფრანგული კომპანია ჯერჯერობით თავისი ახალი ავტომობილის ზუსტ გაბარიტებს არ აქვეყნებს. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ასევე ცნობილია, რომ გაიზარდა ბორბლებს შორის ბაზა და ბორბლების კვალი. ზრდა მცირეა, თუმცა მნიშვნელოვნად აისახა ინტერიერის სივრცეზე. ახალი „გრანდ სცენიკი“ გარეგნულად მის მომცრო ნათესავს ჰგავს. ფიქსირებული პანრამული სახურავის წყალობით, მისი ინტერიერი ნათელია. სახურავზე განლაგებულია ალუმინის საბარგო რელსები. ავტომობილი ალუმინის 20-დუიმიან ბორბლებზე დგას. „რენო“ ახალი „გრანდ სცენიკის“ მყიდველს ექსკლუზიურ ფერს, „ვიჟნ ბრაუნს“ (ფოტოზე) შესთავაზებს. ხუთადგილიანი „გრანდ სცენიკის“ საბარგულის მოცულობა 765 ლიტრია, უკანა სავარძლების მაქსიმალურად წინ მიწევის შემთხვევაში კი 922 ლიტრამდე იზრდება. გარდა ამისა, შესაძლებელი სავარძლების დაკეცვა, რაც სპეციალური პულტის მეშვეობით ხდება. პულტი საბარგულშია მოთავსებული. საკმარისია პულტზე ერთი მანიპულაციის შესრულება და ყველა უკანა სავარძელი ავტომატურად დაიკეცება. ახალი „გრანდ სცენიკის“ მყიდველს არჩევანის გაკეთება ხუთ ძღავს შორის მოუწევს. მათგან სამი დიზელისაა და ორი - ბენზინის. დზელის აგრეგატების სიმძლავრე 110, 130 და 160 ცხენის ძალაა, ბენზინისა კი - 115 და 130 ცხენის ძალა. გარდა ამისა, შეთავაზებაში იქნება სისტემა „ჰაიბრიდ ესისტ“, რომლის შემთხვევაშიც, 110-ცხენისძალიან ძრავთან წყვილში ელექტრო ძრავიც იმუშავებს. ინტერიერში განლაგდა ინფოტაინმენტ სისტემა „R-ლინკ 2“, რომელსაც 8.2-დუიმიანი ეკრანი მოემსახურება. სისტემაში შედის ნავიგაცია და გარე მოწყობილობების შეერთების პორტები. წინა სავარძლები ახალი „ესპეისის“ ანალოგიურია. ავტომობილის ეკიპირებაში, უსაფრთხოების დამხმარე სისტემები შედის, როგორებიცაა ზოლში მოძრაობის მოთვალთვალე, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი და უხილავი ზონების თვალთვალის სისტემები. ასევე პარკტრონიკი, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და უკანა ხედვის კამერა.

„რენოს“ ინდურ გაყიდვებს ბიძგს „კვიდი“ პოპულარობა აძლევს


მას შემდეგ, რაც ინდურ ბაზარზე პატარა ქროსოვერი „რენო კვიდი“ გამოვიდა, ინდოეთში ფრანგული კომპანიის გაყიდვები სულ უფრო იზრდება. აპრილში ზრდამ ორას პროცენტზე მეტი შეადგინა. „რენომ“, რომელსაც გაყიდვების მოცულობის მხრივ, ინდურ ბაზარზე მე-3 ადგილი უკავია, აპრილში 12 426 ავტომობილი გაჰყიდა, რაც 211-პროცენტიანი ზრდაა. ინდოეთი არის აზიის მესამე უდიდესი საავტომობილო ბაზარი. ქვეყნის ავტომწარმოებელთა საზოგადოების ინფორმაციით, გასულ თვეში იქ სულ 242 060 ავტომობილი გაიყიდა. განსაკუთრებული პოპულარობით, პატარა ჰეჩბეკები და უგზობის მოდელები სარგებლობს და კომპანიებიც ყველაზე მეტად ამ სეგმენტების გაფართოებას ცდილობენ, რათა რაც შეიძლება, მეტი მყიდველის მოზიდვა შეძლონ. ინდოეთში „რენო კვიდის“ კონკურენტები, „ტატა მოტორსის“ ჰეჩბეკი „ტიაგო“ (ბაზარზე აპრილში გამოვიდა) და უგზობის „მარუტი ვიტარა ბრეზაა“, რომელიც ბაზარზე ასევე ახალი გამოსულია. სამივე ავტომობილს ინდოეთში აწარმოებენ. ამასთან „კვიდი“ მეზობელ ქვეყნებში, ექსპორტზეც გადის. ახლახანს „რენომ“ დაადასტურა, რომ მალე „კვიდის“ გაყიდვებს ბრაზილიაშიც დაიწყებს. იქაური ბაზრისთვის ამ ავტომობილს ადგილზე დაამზადებენ, ქალაქ კურიტიბას აირტონ სენას სახელობის ინდუსტრიულ კომპლექსში. იქ ავტომობილი ინდოეთიდან, დაშლილი სახით გაიგზავნება და ადგილზე აიწყობა. კურიტიბას კომპლექსი ამჟამად ადგილობრივი ბაზრისთვის „რენოს“ ავტომობილებს - „ლოგანს“, „სანდეროს“, „დასტერს“, „დასტერ ოროჩს“ და „მასტერს“ აწარმოებს.

„რენო“ B-სპეციფიკაციის ძრავს ბარსელონას ტესტებზე გამოსცდის


შიდასეზონურ ტესტებზე, რომლებიც ბარსელონაში, ესპანეთის დიდი პრიზის შემდეგ გაიმართება, „რენო“ B-სპეციფიკაციის ძალურ დანადგარს პირველად გამოსცდის. ფრანგული გუნდი და მისი ძრავების მომხმარებელი „რედ ბული“, რომელიც აგრეგატებს „TAG ჰოიერის“ სახელით იყენებს, ახალ აგრეგატს მოუთმენლად ელიან და იმედი აქვთ, რომ ის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში დაეხმარება. „რენოს“ ტექნიკურმა დირექტორმა ნიკ ჩესტერმა განაცხადა, რომ ახალი ძალური დანადგარი იმ კომპონენტების სიაშია, რომლებიც ბარსელონაში, ცირკვიტ დე კატალუნიაზე ტესტებისთვის უკვე გაიგზავნა. მისივე თქმით, ესპანური ეტაპისთვის სიახლეთა შორისაა განახლებული უკანა ფრთა, ასევე წინა ფრთის კომპონენტები. „ტესტებისთვის ჩვენ უამრავი სიახლე გვექნება - ახალი საკიდარი, აეროდინამიკური ელემენტები, გაგრილების სისტემის სიახლეები და რაც მთავარია, B-სპეციფიკაციის ძალური დანადგარი. ასე რომ, ძალიან დატვირთული ტესტები გველის“, - ამბობს ჩესტერი. ესპანეთის დიდ პრიზზე, ჯოლიონ პალმერი (ფოტოზე) ახალ შასიზე იასპარეზებს. მონოკოკი RS16-03 გუნდმა სარეკლამო კლიპის გადაღებისას გამოიყენა. ჩესტერი კმაყოფილია თავისი გუნდის სოჭის რბოლაში გამოსვლით. ის ამბობს, რომ კვალიფიკაციისას, წინა და უკანა ბორბლების უკეთ გასახურებლად, სწრაფი-ნელი-სწრაფი წრეების მიმდევრობამ კარგი გამოიღო, რბოლაში კი მანქანების ისეთივე ტემპი ჰქონდა, როგორიც მელბურნში.

„რენო“ სამოდელო გამას აფართოებს


„რენო“ ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ თავის სამოდელო გამას, ოთხი ახალი ავტომობილით შეავსებს. ფრანგულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია თავის აქციონერებთან შეხვედრაზე გამოაქვეყნა. მათგან ერთია C-სეგმენტის სედანი, რომელიც „ფლუენსს“ ცვლის და სავარაუდოდ, ბაზარზე „მეგან სედანის“ სახელით წარსდგეს. ეს ავტომობილი იმავე CMF პლატფორმაზე აიგება, რომელზეც ჰეჩბეკი „მეგანი“ მზადდება და მისგანვე გაიზიარებს როგორც სტილს, ასევე ძრავების გამასაც, რომელშიც ბენზინის სამი და დიზელის სამი აგრეგატი შევა. მეორე ავტომობილი არის პიკაპი 1T. რამდენადაც „დასტერ ოროჩის“ ევროპაში „რენოს“ ლოგოთი გაყიდვა არ იგეგმება, ახალი ავტომობილი იქნება კონცეპტულურ პიკაპ „ალასკან კონცეპტის“ (ფოტოზე) სერიული ვერსია. ეს ერთი ტონა ტვირთამწეობის ავტომობილი, იაპონელ ნათესავ „ნისან ნავარას“ პლატფორმაზე აიგება. ძრავების გამაში შევა დიზელის ოთხცილინდრიანი წყვილ ტურბოიანი ძრავები „ენერჯი dCi 135“ და „ენერჯი dCi 165 dCi 165“. გარდა ამისა, ევოპის ბაზარზე მალე გამოვა B-სეგმენტის ქროსოვერი, რომელიც შესაძოა, მოდელ „კაპტურის“ (Captur), რომელიც უკვე სამი წლისაა, სახეშეცვლილი ვერსია იყოს. მეოთხე სიახლეა „სცენიკის“ შვიდადგილიანი ვარიანტი, რომელიც ფლაგმან მინივენ „ესპეისზე“ ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს. მისი სავარაუდო სახელი იქნება „გრანდ სცენიკი“.

მაგნუსენი სოჭის რბოლის პილოტი გახდა


„რენოს“ ფორმულა 1-ის გუნდის დანიელი პილოტი კევინ მაგნუსენი დასახელდა. მან ფრანგულ გუნდს ამ სეზონში პირველი ქულები მოუპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ პრაქტიკაზე არ უასპარეზია, სტარტზე კი მე-17 ადგილზე იდგა, რბოლა მე-7 ადგილზე დაასრულა. ამგვარად, გასულ ოთხ რბოლაში მაგნუსენი მესამეა, ვინც რბოლის გამორჩეულ პილოტად დასახელდა. ავსტრალიაში და ბაჰრეინში ეს საპატიო წოდება „ჰაასის“ რომენ გროჟანს ერგო, ჩინეთში კი „რედ ბულის“ დანილ კვიატს. „დღეს ჩვეულებრივზე მეტად გაგვიმართლა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წინა რბოლებში ზედმეტად არ გვიმართლებდა. ასე რომ, საწუწუნო არაფერი მაქვს“, - ნარბოლევს განაცხადა მაგნუსენმა. მისგან განსხვავებით, ათეულში შესვლა ვერ შეძლო ჯოლიონ პალმერმა, რომელმაც სტარტი მე-18 ადგილიდან აიღო და ფინიშზე მე-13 მივიდა. „ძალიან მიხარია, რომ ეს ქულები მოვიპოვე, რადგან ვიცი, რომ გუნდში ყველა თავდაუზოგავად მუშაობს. მე ძალიან კარგი სტარტი ავიღე, მაგრამ პირველ მოსახვევში რამდენიმე პოზიცია დავკარგე, როცა ჩემ წინ მანქანა დატრიალდა. ამის შემდეგ, ძალიან მოვინდომე, რამდენიმე კარგი გასწრებაც შევასრულე, გუნდმა პიტ სტოპზე შესანიშნავად იმუშავა“, - ყვება დანკიელი პილოტი. „მანქანა აშკარად უკეთ მუშაობს. კევინმა კი გვიჩვენა, რომ ამ მანქანით ქულებისთვის ბრძოლა შესაძლებელია. ასე რომ, შემდგომ რბოლებშიც ჩვენი მიზანი ქულები იქნება. ამ რბოლაში ბევრი პოზიტივი გვქონდა, რაც შემდგომ ეტაპებზე ძალიან გამოგვადგება“, - განაცხადა პალმერმა, ვისაც პრაქტიკებზე და კვალიფიკაციისას, პრობლემები ჰქონდა, თუმცა მათი მოგვარება რბოლისთვის მოესწრო.

ახალი „რენო კოლეოსის“ პრემიერა პეკინში


„რენომ“ პეკინის ავტო შოუზე თავისი უახლესი ავტომობილი, უგზობის „კოლეოსის“ მეორე თაობის მოდელი წარადგინა. ახალი ავტომობილი მოდულურ პლატფორმა CMF-C/D-ზეა აგებული, რომელსაც ფრანგლი კომპანია თავისი არაერთი მოდელისთვის იყენებს. მეორე თაობის „კოლეოსი“, უგზოობის D სეგმენტის სრულფასოვანი წევრია და ის ჩინურ ბაზარზე, „რენოს“ ფლაგმანის როლს შეასრულებს. ჩინეთის გარდა, „კოლეოსი“ მსოფლიოს 80 ქვეყანაში გაიყიდება. ამ ბაზრებზე, „რენოს“ ფლაგმანის როლში სედანი „ტალისმანი“ იქნება.

ახალი „კოლეოსის“ გაბარიტებია: სიგრძე 4670 მილიმეტრი, სიგანე 1840 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 2710 მილიმეტრია. უკან სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, საბარგულის მოცულობა 1690 ლიტრს აღწევს. მისი კლირენსი 213 მილიმეტრია. უკანა სავარძლების მგზავრებისთვის გამოყოფილ სივრცეში, მუხლებისთვის თავისუფალი ადგილის სიგრძე 289 მილიმეტრია. როგორც ფრანგული კომპანია აცხადებს, ეს მაჩვენებელი D სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მეორე თაობის „კოლეოსის“ ძრავების გამაში, ბენზინის ორი და დიზელისაც ორი ძრავი შევიდა, რომელთა სიმძლავრე, 130-დან 175 ცხენის ძალამდეა. მათთან წყვილში იმუშავებს ან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი X-ტრონიკი. სტანდარტული შესრულებით, ავტომობილი წინა ამძრავიანია, ოპციის სახით, მყიდველს სრულ ამძრავიან ტრანსმისიას შესთავაზებენ.

„კოლეოსის“ გარეგნობაში იგრძნობა სედან „ტალისმანის“ სტილის გავლენა. ყველაზე მეტი მსგავსება მათ წინა ნაწილებშია. კერძოდ, მათ ერთნაირი ფარები, დღის ფარები, წინა ბამპერი და რადიატორის ცხაური აქვთ. ახალი „კოლეოსი“ დიდ, 19-დუიმიან ბორბლებზე დგას. მსგავსებაა სალონშიც. ორივეს ცენტრალური პანელის ცენტრალურ ნაწილში, მულტიმედიურ სისტემა R-ლინკ 2-ის დიდი სენსორული ეკრანია მოთავსებული.

უსაფრთხოების სისტემების ჩამონათვალში შევიდა საგანგებო დამუხრუჭების აქტიური სისტემა, ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელი სისტემა, წინ მიმავალ ავტომობილთან უსაფრთხო მანძილის გამაფრთხილებელი სისტემა, უხილავი ზონების გამაფრთხილებელი, საგზაო საცობის აღმომჩენი, გადაღლის დაფიქსირების სისტემა, იოლი პარკირების დამხმარე, უკანა ხედვის კამერა, მთავარი ფარების განათების ავტომატური სარეგულირებელი სისტემა. ამ ჩამონთვალში შესული სისტემები, მაღალი დონის შესრულების ვერსიების საბაზო კომპლექტაციაში შევა.

მეორე თაობის „კოლეოსს“ ჩინეთის უჰანსა და სამხრეთ კორეის პუსანში გამოუშვებენ. ავსტრალიაში, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, გაყიდვები 2016 წლის მესამე კვარტალში დაიწყება. ევროპის ქვეყნებში კი მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება.

„რენო ზოი“ - უკვე 50 000


„რენოს“ კომპაქტურმა ელექტრომობილმა, სახელად „ზოი“, მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - უკვე 50 000 ცალი გაიყიდა. ამას სამი წელი დასჭირდა. ეს რიცხვი ალბათ ოდესმე ღიმილის მომგვრელი იქნება, მაგრამ დღეს, როცა ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს ბაზარზე ფეხის მოკიდება ახალი დაწყებული აქვთ, აღნიშვნას იმსახურებს.

50 000-ე „ზოი“ არის შავი ფერის და ფლინსის (პარიზის მახლობლად მდებარეობს) ქარხნის კონვეიერიდან მის ჩამოსვლას, სპეციალური საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა. ფრანგული კომპანიის ელექტრომობილების გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა გიიომ ბერტიემ ამ ავტომობილის გასაღები პირადად გადასცა მის მფლობელს.

„რენომ“ შარშან ევროპაში 18 500 ცალი „ზოი“ გაჰყიდა, რამაც საფრანგეთისა და ევროპის ელექტრომობილების სეგმენტის სოლიდური წილი მოაპოვებინა. საფრანგეთში მან 55 პროცენტს მიაღწია, ძველ კონტინენტზე კი - 20 პროცენტს.

„რენო ზოი“ მოსახერხებელი ავტომობილია ყოველდღიური მოხმარებისთვის. თბილ ამინდში მისი მას ერთი სრული დამუხტვით 170 კილომეტრის გავლა შეუძლია, ცივ ამინდში კი სვლის სიშორე 115 კილომეტრამდე კლებულობს. თუმცა ქალაქში სარგებლობისთვის ესეც საკმარისზე მეტია. სრულად დაცლილი ელემენტების ბლოკის ბოლომდე შევსებას 3-4 საათი ჰყოფნის.

„რენოს“ მიერ ჩატარებულმა კვლვამ აჩვენა, რომ „ზოის“ მფლობელთა თითქმის 98 პროცენტი, თავისი პატარა ელექტრომობილით კმაყოფილია.

„რენო კოლეოს II“ პეკინში პრემიერის წინ

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, უგზობის „კოლეოსის“ შემცვლელს სხვა სახელი უნდა ჰქონოდა. ახალი ავტომობილის სახელად „მაქსტონს“, „კაიაკს“ და „კილიმანჯაროსაც“ ვარაუდობდნენ, მაგრამ „რენომ“ გადაწყვიტა, რომ ძველი სახელი შეენარჩუნებინა. ეს კი პეკინის ავტო შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, ფრანგულმა კომპანიამ მეორე თაობის „კოლეოსის“ პირველი ფოტო ოფიციალურად გამოაქვეყნა.

ფრანგულ კომპანიას ახალი ავტომობილის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. ამას პეკინის შოუს დროს გააკეთებს. ამ ეტაპზე კი მხოლოდ მეორე თაობის „კოლეოსის“ დიზაინზე შეიძლება ლაპარაკი. ავტომობილი აშკარად უფრო სოლიდურად გამოიყურება. რაღაცით სედან „ტალისმანს“ ჰგავს, პროპორციებით კი - მასზე პატარა „კაჯარს“. წინა ბორბლების თაღების ზემოთ, ერთგვარი ლაყუჩისებრი ჭრილები განლაგდა. წინა ფარები შებრუნებული C ფორმის დღის ფარებშია ინტეგრირებული და მისი ზადა ნაწილი უკავია.

ჩინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი “კოლეოსის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 672 მილიმეტრი, სიგანე 1 843 მილიმეტრი, სიმაღლე 1 678 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 2 705 მილიმეტრია. სედან „ტალისმანის“ მსგავსად, მეორე თაობის უგზობის „კოლეოსიც“ მოდულურ CMF-CD პლატფორმაზეა ბაზირებული.

რაც შეეხება ძრავებს, ცისქვეშეთის ბაზარზე მყიდველისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ორი აგრეგატია. ერთია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი 150 ცხენის ძალით, მეორე კი - 2.5-ლიტრიანი 186 ცხენის ძალით. გარდა ამისა, მყიდველს წინა და სრულ ამძრავიან ვერსიებს შესთავაზებენ. გადაცემათა კოლოფიც ორია - 6-საფეხურიანი მექანიკური და ამდენივე საფეხურის მქონე ავტომატური.

ძველ კონტინენტზე ამ ავტომობილის პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე (სექტემბერში) გაიმართება. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი „კოლეოსის“ ძრავების გამას, დიზელის ორი აგრეგატიც დაემატება.

„რენომ“ უგზობის „მაქსტონის“ პირველი ტიზერი გამოაქვეყნა


პეკინის მოტორ შოუზე, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება, „რენო“ უგზობის მოდელ „კოლეოსის“ შემცვლელს წარადგენს, რომელიც ამ ეტაპზე, „მაქსტონის“ სახელით არის ცნობილი. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე კი ფრანგულმა კომპანიამ თავისი სიახლის პირველი ვიდეო ტიზერი გამოაქვეყნა.

ტიზერზე კარგად ჩანს ავტომობილის მხოლოდ წინა ფარების ბლოკი, რომელიც ორი მოდულისგან შედგება, სტილიზებული C-ს ფორმა აქვს და მეოთხე თაობის თაობის „მეგანის“ და „ტალისმანის“ ანალოგიურ ელემენტს ჰგავს. იმავდროულად, ის უფრო პატარა „კაჯარის“ ფარებისგან განსხვავებულია. ავტომობილს აქვს დღის განათების შუქდიოდური ბლოკი, რომელიც მთავარი ფარებიდან იწყება და ბამპერზე გადადის.

იმავე „მეგანის“ და „ტალისმანის“ მსგავსად, ახალი ავტომობილიც მოდულურ CMF-CD პლატფორმაზეა ბაზირებული. „მაქსტონი“ მის წინამორბედ „კოლეოსზე“ დიდგაბარიტიანი ავტომობილია, თუმცა როგორც „რენოს“ დიზაინის შეფი ლორენს ვან დენ აკერი ამბობს, მის სალონში სავარძლების მხოლოდ ორი რიგი განლაგდება.

„მაქსტონი“ უპირველეს ყოვლისა, ჩინური ბაზრისთვის არის შექმნილი და პეკინში მისი პირველი ჩვენებაც სწორედ ამის გამო დაინიშნა. თუმცა მას დიდი ალბათობთ, ევროპის და სხვა ბაზრებზეც გაიტანენ.

„რენოს“ ახალი ფლაგმანი - „ტალისმან ესტეიტი“


„რენომ“ თავის ფლაგმან უნივერსალ „ტალისმან ესტეიტზე“ შეკვეთების მიღება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო. და სანამ ამ ავტომობილს სხვა ბაზრებზეც შეიტანს, მის შესახებ ახალი ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნა.

საფრანგეთში ეს ავტომობილი 29 100 ევრო ღირს, რაც სედანის ფასზე 1 200 ევროთი მეტია. მყიდველს მას ხუთი კომპლექტაციის სახით სთავაზობენ. ესენია ლაიფ, ზენ, ბიზნეს, ინტენს და ინიციალე პარის. საწყისი დონის ეკიპირებაში შედის პარკირების ელექტრონული მუხრუჭი, აღმართში დაძვრის დამხმარე, წინა და უკანა ფანჯრების ელექტრო ამწევები, ორზონიანი კლიმატ კონტროლი, კრუიზ კონტროლი და ციფრული TFT ინსტრუმენტები.

უფრო ძვირადღირებულ ეკიპირებებში შედის R-ლინკ 2 თავისი 8.7-დუიმიანი სენსორული ეკრანით, მძღოლის დამხმარე პაკეტი, რომელიც მოიცავს ადაპტირებად კრუიზ კონტროლს, ეგრეთ წოდებული „ჰედ აპ დისპლეი“, რომელიც საჭის რგოლის გასწვრივ, საქარე შუშის სიახლოვეს განლაგდება, და მუდმივად მძღოლის მხედველობის არეში იქნება, უსაფრთხო დისტანციის გამაფრთხილებელი სისტემა, აქტიური საგანგებო მუხრუჭი.

უმაღლეს, ინიციალე პარის პაკეტში შესულია შავი ფერი „ამეთისტ ბლექ“. ამ პაკეტში ასევე შედის 19-დუიმიანი რუხი (ნაპა) ბორბლები და შავი ფერის ტყავი სალონის გასაწყობად. ინიციალე პარის პაკეტში მყიდველს ასევე შესთავაზებენ ოთხივე მართვად ბორბალს. ამავე პაკეტშია შესული აქტიური ამორტიზატორების სისტემა „4კონტროლ პაკი“ და უხილავი ზონების გაფრთხილების სისტემა.

ამ ეტაპზე, „რენო“ მყიდველს „ტალისმან ესტეიტს“ ბენზინის ორი და დიზელის სამი ძრავით სთავაზობს. ბენზინის ძრავებია TCe 150 და TCe 200, რომლებიც შესაბამისად, 150 და 200 ცხენის ძალას ავითარებენ. მთთან წყვილში მუშაობს 7-საფეხურიანი EDC გადაცემათა კოლოფი, რომელიც ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით უკავშირდება. დიზელის ძრავებიდან, dCi 110-სთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი ორქუროიანი EDC კოლოფი მუშაობს, dCi 130-ს 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უწყვილდება, dCi 160-ს კი - 6-საფეხურიანი ორქუროიანი EDC.

მაგნუსენი უპრობლემო რბოლებში ქულებისთვის იბრძოლებს


კევინ მაგნუსენი ამბობს, რომ თუ რბოლის დროს ტექნიკური პრობლემები არ შეეექმნება, მაშინვე „რენს“ ფ1-ის გუნდს პირველ ქულებს მოუპოვებს. დანიელ მრბოლს ახალი სეზნს დასაწყისში იღბალი არ სწყალობს - ავსტრალიაში რბოლის პირველივე წრეზე ბორბალი დაეშვა, ბაჰრეინში კი სტარტი პიტლეინიდან აიღო, რადგან პრაქტიკების დროს, აწონვის ზონასთან არ გაჩერდა.

ამის მიუხედავად, მაგნუსენმა ბაჰრეინის ღამის რბოლა მე-11 ადგილზე, ქულების ზონიდან ერთ ნაბიჯში დაასრულა. ეს ნიშნავს, რომ რბოლის სასტარტო რიგიდან დაწყების შემთხვევაში, „რენოს“ პილოტს თავისუფლად შეეძლო ათეულში შესვლა და ქულის აღება.

„გაწბილებული ვარ. რბოლებში ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. მაგრამ ქულებთან ძალიან ახლოს ვართ და ეს მოტივაციას მიძლიერებს. მანქანა კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. რა თქმა უნდა, მეტი ჩაჭიდება და სიმძლავრე გვჭირდება. მაგრამ მიჩვენეთ მრბოლი, ვინც ამას არ იტყვის. საერთოდ, ძალიან მომწონს, როცა საჭესთან ვარ და ვასწრებ. როცა უკან ხარ, ბევრი გარჯა გიწევს იმისათვის, რომ მე-11 ადგილს მიაღწიო. რბოლა ცოტა წინიდან რომ დაგვეწყო, ან პირველ წრეზე ინციდენტი არ გვქონოდა, უკეთესი რამ მოხდბოდა“, - ყვება მაგნუსენი.

„რენოს“ ტექნიკური დირექტორი ნიკ ჩესტერი ამბობს, რომ გუნდს კვალიფიკაციაზე შედეგების გამოსწორება მართებს, რადგან პელოტონის შუაში დიდი კონკურენციაა და კვალიფიკაციაში შედეგების გამოსწორების გარეშე, წულებისთვის ბრძოლა რთულია. ამასთან, ის სარბოლო ტემპით კმაყოფილია.

„სარბოლო ტემპის მხრივ, შუაში ძალიან მჭიდრო ჯგუფია. ჩვენ დავინახეთ ეს ავსტრალიაში და ბაჰრეინშიც. ეს ნიშნავს, რომ ყოველი შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ყველა ასპექტში ვიპოვოთ გაუმჯობესების საშუალება. ჩვენი საკვალიფიკაციაო ტემპი სარბოლოზე ნაკლებად გვაკმაყოფილებს. სწორედ ამაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება“, - ამბობს ჩესტერი.

ის ასევე ამბობს, რომ გუნდს ჯერაც ვერ გაურკვევია ჯოლიონ პალმერის ბაჰრეინის რბოლიდან გამოთიშვის ზუსტი მიზეზი. მის მანქანაზე ჰიდრავლიკური ტუმბო დაზიანდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება. არადა, ტუმბოს თავისი სამუშაო რესურსის მეათედიც არ ჰქონდა ამოწურული. საერთოდ, როცა რამე ზიანდება, ეს ან მისი მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალე ხდება, ან სამუშაო ციკლის მიწურულს. ჩესტერი ამბობს, რომ ტუმბოს დაზიანების მიზეზის გასარკვევად, გუნდმა მიმწოდებელ კომპანიას მიმართა.

„რენო“ „კვიდის“ პლატფორმაზე ქროსოვერს და სედანსაც გამოუშვებს

ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე გამოსვლისას, „რენოს“ მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა განაცხადა, რომ CMF-A პლატფორმაზე, რომელზეც უგზობის პატარა მოდელი „კვიდია“ (ფოტოზე) ბაზირებული, სხვა ტიპის ავტომობილებსაც გამოუშვებენ. მათ შორის კი ქროსოვერი, სედანი და ხელმისაწვდომი ელექტრომობილიც იქნება.
CMF არის მოდულური პლატფორმა (ქომონ მოდულ ფემილი), რომელიც მასზე სხვადასხვა ტიპის და ზომის ავტომობილების აგების საშუალებას იძლევა. ამ პლატფორმაზე მუშაობა ფრანგულმა კომპანიამ 2013 წელს დაიწყო. CMF-A მისი პატარა ვერსიაა, რომელიც A-კლასის ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი. „კვიდი“ კი ამ პლატფორმაზე ბაზირებული პირველი ავტომობილია.
„ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ქროსოვერის, სედანის გამოშვებას. ჩვენ ეს პატარა ავტომობლები, რომლებისაც CMF-A პლატფორმაზე ავაგებთ, ინდური და სხვა განვითარებადი ბაზრებისთვის გვჭირდება“, - ამბობს გონი. ნიუ იორკში მან ინდური ბაზარი განსაკუთრებით იმის გამო გამოჰყო, რომ იქ 4 მეტრზე მოკლე სედანების სეგმენტი ძალიან კონკურენტული გარემოა და იქ პოზიციის გამყარება, გლობალური გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.
იგივე ითქმის ამავე პლატფორმაზე ბაზირებულ ქროსოვერზე, რომლის სიგრძე ასევე 4 მეტრზე ნაკლები იქნება. გონის თქმით, უფრო შორეულ მომავალში, ფრანგული კომპანია ამავე პლატფორმას, ახალი ელექტრომობილისთვის გამოიყენებს, რომელიც დაბალი ფასით იქნება გამორჩეული.

„რენო“ თავისი ევრო6 დიზელების CO2 და Nox გამონაბოლქვს შეამცირებს


„რენომ“ გამოაცხადა, რომ ივლისიდან დაიწყებს დიზელის განახლებული აგრეგატების წარმოებას, რომელთა გამონაბოლქვსაც ნახშიროჟანგის და აზოტის ოქსიდების შემცირებული შემცველობა ექნება. ამის მიღწევა, გამონაბოლქვი აირის რეცირკულაციის სისტემის გაზრდილი წარმადობით იგეგმება, რასაც მოჰყვება გამონაბოლქვში აზოტის ოქსიდების (Nox) შემცველობის შემცირება.
განახლებული ძრავების წარმოებას, „რენოს“ ყველა ქარხანა დაიწყებს, სადაც ხდება ევრო6 სტანდარტის დიზელის ძრავების წარმოება. ფრანგულმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო, რაც გარემოზე ზრუნვით არის განპირობებული. უფრო მეტიც, „რენოს“ ყველა იმ ავტომობილის მფლობელს, რომლებიც ევრო6 სტანდარტის დიზელის ძრავებით არის აღჭურვილი, ადგილობრივი დილერების დახმარებით, ოქტომბრიდან ტავიანთი თავიანთი ძრავების განახლების საშუალება მიეცემა.
გამონაბოლქვში CO2-ის და Nox-ის შემცირებას, „რენო“ იმის ხარჯზე მიაღწევს, რომ იზრდბა რეცირკულირებული აირის მოცულობა და სისტემის სამუშაო დიაპაზონი. კომპანია აცხადებს, რომ რეცირკულაციის ახალი სისტემა სრული ეფექტურობით იმუშავებს და ეს არ შეამცირებს ძრავის გამძლეობას და მახასიათებლებს. ამასთან, გამონაბოლქვში NOx-ს შემცველობა თითქმის ორჯერ შემცირდება.
„რენო“ შეუერთდა პროტოკოლს „რეალური გამონაბოლქვი“, რომელიც დიზელის ძრავების გამონაბოლქვის რეალურ შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან, ფრანგული კომპანია სულ უფრო ინტენსიურად ნერგავს ევრო6 სტანდარტის აგრეგატებს, რომლების გამოყენებაც ევროპაში სავალდებულო 2017 წლის სექტემბრიდან გახდება.

„რენო“ „დისქავერი ჩენელის“ პარტნიორი გახდა

„რენომ“ და პოპულარულმა სატელევიზიო არხმა „დისქავერი ჩენელმა“ პარტნიორული ურთიერთობა დაიწყეს, რომლის თანახმადაც, ფრანგული კომპანია ექვსი სათავგადასავლო-სამოგზაურო ფილმის სპონსორი იქნება. „რენოს“ ექვსი სარეკლამო კლიპი, უშუალოდ „დისქავერი ჩენელის“ და მის მფლობელობაში მყოფი „ქვესტის“ და DMAX-ის არხებზე, სათავგადასავლო სერიალში „შონ კონვეი: ზღვარზე“, გავა.

ექვსივე სარეკლამო კლიპში, ნიჩბოსნობაში ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი ჯეიმს კრეკნელია გადაღებული, რომელმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მოგზაურობას მიჰყო ხელი და ამ მხრივაც სახელი გაითქვა. მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოგზაურობა 2013 წელს, საუდის არაბეთის უდაბნო „ცარიელ მეოთხედში“ შედგა, რომელიც მან აქლემზე ამხედრებულმა გაიარა. ეს მოგზაურობა „ბიბისიმ“ გადასცა. „რენოს“ კლიპებში მისი პარტნიორი, ფრანგული კომპანიის უგზობის ავტომობილი „კაჯარია“.

„დისქავერი და მისი ნათესავი არხები იმავე ფასეულობებს წარმოგვიდგენენ, რასაც „რენო კაჯარი“ - ესაა მოგზაურობის სურვილი, რომელიც საიმედბასთან და სანდოობასთან არის დაკავშირებული. კლიპები „კაჯარს“ მისთვის შინაურ გარემოში წარმოგვიდგენს. ესააა უგზობა, რომლის პირობებშიც ჯეიმსი მანქანას მისი შესაძლებლობების ზღვრამდე იყენებს“, - ამბობს „რენოს“ ბრიტანული შტოს მარკეტინგის დირექტორი ჯეიმს ბოიერი.

პირველი კლიპი „დისქავერის“ არხზე 1 აპრილს გავიდა. პირველი კლიპი ჩრდილოდასავლეთ უელსში, სნოუდონიას ეროვნულ პარკშია გადაღებული, სადაც კრეკნელი „კაჯარის“ შესაძლებლობებს გვიჩვენებს.

„რენო კაპტური“ განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის


„რენომ“ თავის უგზობის მოდელ „კაპტურის“ (Captur) ახალი ვერსია, „კაპტური“ (Kaptur) გაგვაცნო, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის შეიქმნა და შესაბამისად, უფრო იაფიც ეღირება. მართალია, ორივე ავტომობილი ერთსა და იმავე პლატფორმაზეა აგებული, მაგრამ ისინი გაბარიტებითაც განსხვავდებიან და გარეგნულადაც.

თუმცა გარეგნული სხვაობა დიდი არაა. ამ ორ ავტომობილს განასხვავებს რადიატორის ცხაურის სხვანაირი ფორმა, გადაკეთებული წინა ბამპერი, რომელიც მოიცავს C-ს ფორმის დღის შუქდიოდურ ფარებს, ასევე უკანა შუქდიოდური ფარები და სხვა უმნიშვნელო დეტალები.

რაც მთავარია, ისინი გაბარიტებით განსხვავდებიან. ახალი ავტომობილის სიგრძე 4 333 მილიმეტრია, სიგანე 1 813 მილიმეტრი (კარის სარკეების ჩაუთვლელად), სიმაღლე კი 1 613 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 674 მილიმეტრია. ამგვარად, ის თავის სეხნიაზე 233 მილიმეტრით გრძელი, 35 მილიმეტრით განიერი და 47 მილიმეტრით მაღალია. ბაზის სიგრძითაც Kaptur-ი 68 მილიმეტრით გრძელია.

გაბარიტების გარდა, ავტომობილს უფრო მაღალი კლირენსიც აქვს - 204 მილიმეტრი. რა თქმა უნდა, მისი სალონიც უფრო ფართოა. საბარგულის მოცულობა 387 ლიტრია და 1200 ლიტრამდე შეიძლება გაიზარდოს, თუ უკანა სავარძლები დაიკეცება. წინა საბურავსა და ბამპერს შორის მიდგომის კუთხე 20 გრადუსია, უკანა საბურავსა და ბამპერს შორის დაშორების კუთხე კი - 31 გრადუსი.

ძრავებზე და ტრანსმისიებზე ჯერ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. სავარაუდოდ, ძრავების გამაში 1.6 და 2.0-ლიტრიანი აგრეგატები შევა, რომელთაგან მეორეს ფრანგული კომპანია „დასტარეზე“ იყენებს. რაც შეეხება ტრანსმისიებს, შეთავაზებაში მინიმუმ ორი იქნება - 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური კოლოფები. გარდა ამისა, მყიდველს სრულ ამძრავიან სისტემასაც შესთავაზებენ.

ახალი „კაპტური“ ხუთადგილიანია, უკანა სავარძლების ფორმულა 60/40-ზეა. ავტომობილი 16- ან 17-დუიმიან ბორბლებზე დადგება (მყიდველის სურვილის შესაბამისად). სალონში ცენტრალურ კონსოლზე მოთავსდა ინფოტაინმენტ სისტემის 7-დუიმიანი სენსორული ეკრანი და სისტემის მართვის პანელი. ავტომობილს ემსახურება ძრავის შორიდან დაქოქვის სისტემა, წინა სავარძლები გამათბობლებითაა. ასევე გამათბობელი ემსახურება საქარე შუშასაც.

პირველ რიგში, ავტომობილს „რენოს“ მოსკოვის ქარხანა გამოუშვებს. იქ წარმოებული ავტომობილები, რუსეთის გარდა, ევრაზიული კავშირის ქვეყნებსა და ინდოეთშიც გაიყიდება. მომავალში მას ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაშიც გამოუშვებენ.

„რენოს“ ინდური ქარხანა „კვიდის“ წარმოებას ზრდის


„რენო-ნისანის“ ალიანსის ჩენაის ქარხანამ, თავის ერთ-ერთ ამწყობ ხაზზე მესამე ცვლა აამოქმედა. ამის მიზეზი ისაა, რომ უგზობის სუბკომპაქტურ მოდელ „კვიდზე“ მოსალოდნელზე მეტი მოთხოვნაა. ამჟამად, წინასწარი შეკვეთების რაოდენობა უკვე გასცდა 110 ათასს.
ეს კი ნიშნავს, რომ წინასწარი შეკვეთის ახლა განთავსების შემთხვევაში, მყიდველი სასურველ ავტომობილს დაახლოებით 7 თვის შემდეგ მიიღებს. თუმცა, მესამე ცვლის ამოქმედების შემდეგ, ლოდინის ვადა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, ეს მანამ მოხდება, სანამ ბაზარზე „დატსანის“ იმავე CMF-A პლატფორმაზე ბაზირებული „რედი გოუ“ გამოვა. მესამე ხაზის ამოქმედების შემდეგ, „რენო“ ჩენაის ქარხანაში დღეში 1600 ცალი „კვიდის“ გამოშვებას შეძლებს.
„კვიდი“ პირველი ავტომობილია, რომელიც CMF-A პლატფორმაზეა ბაზირებული. თავისი ზომებით ის ოდნავ დიდია ჰეჩბეკ „ტვინგოზე“ და მასზე მაღალი (180 მილიმეტრი) კლირენსითაც გამოირჩევა. საბაზო ვერსია აღჭურვილია 0.8-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავით, რომელიც 54 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს.
„რენოს“ მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონის თქმით, „კვიდის“ დახმარებით, მისი კომპანია ინდურ ბაზარზე ლიდერთა შორის დაიმკვიდრებს თავს. ინდოეთის გარდა, ეს პატარა ავტომობილი, რომლის სგრძე მხოლოდ 3 679 მილიმეტრია, ასევე სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებშიც გაიყიდება.

„რენო“ წარმოებისთვის ახალ ქროსოვერ „კაპტურს“ ამზადებს

მაგრამ ფრანგული კომპანია ამ სახელით ხომ უკვე აწარმოებს ავტომობილს? საქმე ისაა, რომ სახელით Captur, „რენო“ ქროსოვერს ევროპის ბაზრისთვის უშვებს, ახალ ავტომობილს კი Kaptur ჰქვია და ის განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. ფრანგები ორივეს ერთნაირად გამოთქვამენ, სხვაობა კი მხოლოდ ამ სახელების პირველ ასოებშია.
ახალი „კაპტური“ მოდელ „დასტერის“ პლატფორმაზე მომზადდა. ამასთან, გამაში ამ ავტომობილზე ერთი საფეხურით მაღლა დაიკავებს ადგილს. „რენო“ პირველად მის წარმოებას მოსკოვში დაიწყებს, სად გამოშვებული მოდელებიც, ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი. შემდეგ მას ინდოეთის (სადაც 25 000 ავტმობილი გაიგზავნება ) და აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზეც შეიტანენ. წლის ბოლოს კი „კაპტურს“ ბრაზილიის ბაზარზე წარადგენენ, სადაც მოგვიანებით, მისი წარმოებაც დაიწყება.
„რენომ“ ახალი „კაპტურის“ ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა. პირველი ჩვენება 30 მარტს იგეგმება. მანამდე სიახლის შესახებ ინფორმაცია დაფარულია. თუმცა სავარაუდოდ, ავტომობილის გამაში ბენზინის და დიზელის 1.2-2.0-ლიტრიანი ძრავები შევა. გარდა ამისა, არჩევანი იქნება ტრანსმისიებშიც - მყიდველს 5- და 6-საფეხურიან მექანიკურ, ასევე 6-საფეხურიან ავტომატურ კოლოფებს შესთავაზებენ.

„რენოს“ სოლიდური დებიუტი მელბურნის ალბერტ პარკზე


მართალია, ავსტრალიის დიდი პრიზის ფინიშს მისმა ორივე პილოტმა ქულების ზონის გარეთ მიაღწია, „რენოს“ ფორმულა ერთის გუნდი აცხადებს, რომ ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, მისი სადებიუტო რბოლა წარმატებული გამოდგა. „რენოს“ გუნდთან ერთად, ფ1-ში დებიუტი ჰქონდა ჯოლიონ პალმერს, რომელმაც გამოცდლი პილოტივით იასპარეზა დაქულებამდე ცოტა დააკლდა. კევინ მაგნუსენს კი არ გაუმართლა - პირველივე წრეზე საბურავი დაეშვა, მაგრამ იბრძოლა, თანაგუნდელს მხოლოდ ორი წამით ჩამორჩა და მე-12 ადგილი დაიკავა.

ორივე სტარტზე სუპერ რბილი რეზინით გამოვიდა, მაგრამ მაგნუსენს პირველივე წრეზე მოუწია ბოქსში შესვლამ და რბილ რეზინზე გადაიყვანეს. მე-16 წრეზე კი, სანამ ფერნანდო ალონსოს და ესტებან გუტიერესის ავარიის გამო, ასპარეზობა შეწყდებოდა, დანიელი პილოტის ბოლიდზე საშუალო სირბილის საბურავები დააყენეს. პალმერმა პირველი პიტ სტოპი მე-12 წრეზე შეასრულა და სოფტები დაუყენეს. მე-18 წრეზე კი, როცა წითელი ალმები იყო გამოფენილი და რბოლა შეწყდა, ის საშუალო რეზინზე გადაიყვანეს.

კევინ მაგნუსენი (სტარტი - მე-14 პოზიცია, ფინიში - მე-12 ადგილი): „მართლა კარგი მანქანა გვაქვს. ის სწრაფია და საბაზისო მომართვაც კარგი აქვს. ეს ის მანქანა, რომელსაც მოდერნიზაციის პროცესში, უკეთესი შედეგები ექნება. დღეს ძნელი დღე მქონდა, რადგან სტარტზევე საბურავი დამიზიანდა. არ მგონია, რომ ვინმესთან კონტაქტი მქონდა. უბრალოდ, არ გამიმართლა. წითელი დროშა კი ყოველთვის არასასურველია, რადგან ის ინციდენტს მოჰყვება ხოლმე. და კარგია, რომ ასეთი მძიმე ავარიის შემდეგ, ფერნანდომ დამოუკიდებლად შეძლო მანქანიდან გადმოსვლა. მაგრამ რესტარტის შემდეგ მანქანას კარგი ტემპი ჰქონდა. ასე რომ, შემდეგი რბოლებისთვის კარგი მოლოდინი მაქვს“.

ჯოლიონ პალმერი (სტარტი P13, ფინიში P11): „ჩემი აზრით, გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. კვალიფიკაციაზე მეორე ნაწილში ვიასპარეზეთ და რბოლა მე-11 და მე-12 ადგილებზე დავასრულეთ. ეს იმის მაქსიმუმია, რისი მიღწევაც შეგვეძლო. ეს კარგი სტარტია. ქულებთან ძალიან ახლოს ვიყავით და ამ პოზიციიდან, წინსვლა შეგვიძლია. რბოლა რთული, მაგრამ სასიამოვნო იყო. ძალიან მესიამოვნა, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მომიწია ბორბალი ბორბალში ასპარეზობამ“.

ფრედ ვასორი (სარბოლო დირექტორი): „ჩვენი გუნდისთვის ძალიან იმედისმომცემი რბოლა იყო. ჩვენ კარგი სარბოლო ტემპი გვქონდა, რაც შემდგომი განვითარებისთვის კარგი ბაზისია. პელოტონში დასაწინაურებლად, საკვალიფიკაციო ტემპის გაზრდა გვმართებს. სტარტი ოდნავ წინიდან რომ აგვეღო, ქულების შანსი გვექნებოდა. კევინმაც და ჯოილიონმაც კარგად იასპარეზეს. სამწუხაროა, რომ კევინს ბორბალი დაეშვა, თუმცა დანარჩენი რბოლა კარგად წარიმართა“.

ბობ ბელი (ტექნიკური დირექტორი): „ძალიან ღირსეული პირველი რბოლა გვქონდა. გუნდში ყველამ თავდაუზოგავად იმუშავა და მაღალი სტანდარტის გამოსვლა უზრუნველყო. თითქმის უპრობლემო სარბოლო უიკენდი ჩავატარეთ. ახალი საკვალიფიკაციო ფორმატიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. რბოლაში ერთადერთი ხინჯი კევინის მანქანაზე ბორბალის დაშვება იყო. ორივე მრბოლმა კარგად იასპარეზა. და მანქანაც იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ველოდით. ქულები ვერ ავიღეთ, მაგრამ ქულების ზონისგანაც არ ვიყავით შორს. ეს შემდეგი მიზანი იქნება“.


„რენო ტვიზი 40“ კანადასაც ეწვია


„რენოს“ პატარა ელექტრომობილმა „ტვიზიმ“ სერტიფიკაცია კანადაშიც გაიარა და ამიერიდან ამ ქვეყანაშიც ხელმისაწვდომი იქნება. ორადგილიან მანქანას კანადაში ფრანგული კომპანიის პარტნიორი, კომპანია „AZRA კანადა“ გაჰყიდის. ამ კომპანიის დეკლარირებული მისია ისაა, რომ ქვეყანაში ავტომობილების მიერ ატმოსფეროს დაბინძურების შემცირებას შეუწყოს ხელი. ამისათვის, AZRA საქალაქო ტრანსპორტში ელექტრომობილების წილის გაზრდას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
კანადური ბაზრისთვის განკუთვნილი „ტვიზის“ მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ-ს აღწევს და ამგვარად, იმ კლასის პარამეტრებს შეესაბამება, რომლებიც დაბალსიჩქარიანი ავტომობილების კატეგორიას მიეკუთვნებიან. ასეთებია ოთხბორბლიანი ელექტრომობილები, რომელთა სიჩქარეც 32-40 კმ/სთ-ის ფარგლებშია. ასეთი ელექტრომობილები აღჭურვილი უნდა იყოს 1-ლი კატეგორიის დასამუხტი კაბელით და გვერდითა რეფლექტორებით.
„ტვიზის“ კანადური ვერსიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. სავარაუდოდ, მის საბაზო პაკეტში შევა ინტერიერის გამათბობელი, კარები და ფანჯრები. ამ ყველაფერს ევროპაში მყიდველს დამატებითი ოპციის სახით სთავაზობენ. გერმანიაში საბაზო „ტვიზი 45 ლაიფი“ 7000 ევროზე ოდნავ ნაკლები ღირს. პატარა ელექტრომობილის გაყიდვები კანადურ ბაზარზე ზაფხულში დაიწყება.

„რენო“ ელექტრომობილ „ზოის“ მყიდველს დასამუხტს აჩუქებს

„რენომ“ გამოაცხადა, რომ გააგრძელებს ელექტრომობილ „ზოის“ ბრიტანელი მყიდველისთვის, სახლის სწრაფად დასამუხტი მოწყობილობის უფასოდ შეთავაზებას და დამონტაჟებას. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ ელექტრომობილებზე და პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებზე გრანტი გააგრძელა.

სწრაფად დასამუხტი მოწყობილობა 7-კილოვატიანია და ის კედელზე მაგრდება. მისი უფასოდ მიღებით, ელექტრომობილის მყიდველი 500 გირვანქა სტერლინგს დაზოგავს. „რენოს“ პატარა ხუთკარიანი ავტომობილი, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილია მსოფლიოში. სწრაფად დასამუხტი მოწყობილობა კი მას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

უფასოდ შეთავაზებული დასამუხტი მოწყობილობით, „ზოის“ ენერგიით შევსება სამ-ოთხ საათშია შესაძლებელი. სპეციალური აპლიკაციის დახმრებით, მფლობელს ელემენტების ბლოკში არსებული ენერგიის მარაგის მუდმივი კონტროლი შეუძლია და შესაბამისად, დამუხტვისთვის ისეთ დროს შეარჩევს, როცა ელექტრო ენერგია ყველაზე იაფია.

„ამ დასამუხტი მოწყობილობის დახმარებით, „ზოის“ მფლობელებს შეუძლიათ, შინ 3-4 საათში სრულად დამუხტონ თავიანთი ავტომობილი. ეს მოწყობილობა „ზოის“ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის“, - ამბობს „რენოს“ ბრიტანული შტოს ელექტრომობილების მენეჯერი ბენ ფლეტჩერი.

ოფიციალური მონაცემებით, „რენო ზოის“ ელემენტების ერთი სრული დამუხტვით, 240 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა ფრანგული კომპანია აცხადებს, რომ რეალურ, არასატესტო გარემოში, სვლის სიშორე ზაფხულში 175 კილომეტრის ფარგლებშია, ზამთარში კი მხოლოდ 115 კილომეტრს გადის.

„რენო“ ბრიტანეთში ელექტრომობილის შეძენის მსურველებს, ყიდვის ორ ვარიანტს სთავაზობს. პირველ შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომობილს შეიძენს და ელემენტების ბლოკს ლიზინგით მიიღებს. ამ შემთხვევაში ავტომობილი 13 495 გირვანქა სტერლინგი ღირს, ელემენტების ბლოკის სალიზინგო გადასახადი კი თვეში მხოლოდ 45 სტერლინგია. ამ შემთხვევაში, ელექტრომობილის მფლობელი ელემენტებზე სამუდამო გარანტიას ღებულობს. მეორე ვარიანტით, მომხმარებელი ავტომობილს ელემენტებთან ერთად ყიდულობს და მასში 18 945 სტერლინგს იხდის.


„რენო RS16“ ახალ ფორმაში


ახალი სეზონის დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე, „რენომ“ თავისი სარბოლო ავტომობილი RS16 ახალ ფერებში გამოწყობილი გვიჩვენა. თუ ტესტებზე მანქანა შავად იყო შეღებილი, მისი სარბოლო ვერსია მქრქალ ყვითლად შეღებეს, რომელთანაც შავი და ოქროსფერია შეხამებული. ამასთან, ავტომობილს ბარსელონას ტესტების შემდეგ განახლებაც ჩაუტარდა.

ყვითელი ფერი „რენოს“ საფირმო ფერია. ფრანგული კომპანიის გუნდის ბოლიდები ყვითლად 1977-1985 წლებშიც იყო შეღებილი და 2010 წელსაც, რაც მისი ბოლო გამოსვლა იყო ფ1-ში. ყვითელთან ლურჯი იყო შეხამებული მაშინ, როცა „რენოს“ ბოლიდით მოასპარეზე ფერნანდო ალონსომ, მსოფლიო ჩემპიონის ორი ტიტული (2005-2006 წლებში) მოიპოვა.

„შავი და ყვითელი სირიუს ფერები, „რენო სპორტის“ კორპორატიული ფერებია და იმავდროულად, „რენო სპორტის“ ტრეკზე მიღწევების სიმბოლოსაც წარმოადგენს. „რენოს“ ფ1-ის პირველი მანქანა RS01, რომელიც მსოვლიო ჩემპიონატში 1977 წელს გამოვიდა, სწორედ ყვითელ და შავ ფერებში იყო შეღებილი. და ჩვენი ახალი ბოლიდიც სწორედ იმ პირველ მანქანას გვახსენებს“, - ამბობს გუნდის შეფი სირილ აბიტბული.

მას ნათქვამი აქვს, რომ ამ სეზონში გუნდი მეექვსე ადგილისთვის იბრძოლებს. გასულ სეზონში სწორედ მეექვსე ადგილი დაიკავა „ლოტუსმა“, რომელიც შემდგომში „რენომ“ გამოისყიდა. აბიტბული დასძენს, რომ შესამჩნევ წინსვლას არ გეგმავს, რადგან ამ ეტაპზე, გუნდისთვის მთავარი რეორგანიზაცია და შტატის შევსებაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მანქანის სრულყოფაზე მუშაობა არ გაგრძელდება. პირიქით, საინჟინრო შტაბს, RS16-ს მოდერნიზაციის გეგმაც შემუშავებული აქვს.

რაც შეეხება ძალურ დანადგარს, ბარსელონაში ტესტების შემდეგ, მას პირველი განახლება ჩაუტარდა და აბიტბული იმედოვნებს, რომ მელბურნში ბოლიდებს უფრო მძლავრი და გამძლე აგრეგატები მოემსახურება. ამასთან დასძენს, რომ ამ ორიდან პრიორიტეტი გამძლეობაა, რადგან არ უნდა გამეორდეს ის, რაც წინა სეზონში ხშირად ხდებოდა - „რედ ბულის“ პილოტები ფინიშამდე მეტწილად სწორედ ძრავის დაზიანების გამო ვერ აღწევდნენ.

გარდა ამისა, აღმოფხვრილია პრობლემა, რომლის გამოც, ძრავის შესაძლებლობების სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა. ეს პრობლემა აგრეგატის ელექტრონული მართვის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფაში იყო.


„რენო ტვინგო ჰიპანემა“ - ბრაზილიური გემოვნებით


„რენომ“ ბრაზილიელ იუველირ ჰიპანემასთან ერთად, თავის პატარა ჰეჩბეკ „ტვინგოს“ ახალი ვერსია, „ტვინგო ჰიპანემა“ შეიმუშავა, რომელსაც თავის ევროპელ მყიდველს, შეზღუდული ტირაჟით შესთავაზებს. ახალი ვერსია ძირითადად ვიზუალური სიახლეებით გამოირჩევა, რომლებიც მას ინდივიდუალურობას ანიჭებენ.
ექსტერიერის სიახლეებს შორისაა „ჰიპანემას“ გრაფიკა, მარჯნისფერი გარე სარკეები, რომლებიც ელექტრიკით რეგულირდება და აღჭურვილია დაორთქვლის საწინააღმდეგო სისტემით; ორფეროვანი ბორბლები, ასევე ქსოვილის სახურავი, რომელიც უკნისკენ იკეცება.
გაფორმების ახალი სტილი ინტერიერსაც შეეხო. „ჰიპანემას“ ემბლემები გამოჩნდა წინა კარების ზღურბლებზე, ასევე ხალიჩა-საგებებზე, სავენტილაციო ჭრილები მარჯნისფერია, ამავე ფერის დეტალები გამოჩნდა საჭის რგოლსა და გადაცემების გადასართავ ბერკეტზე.
ვერსია „ჰიპანემა“ ბაზირებულია „ტვინგოს“ ეკიპირების დონე „ზენზე“, რომლის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის წინა ფანჯრების ელექტრული ამწევები, სიჩქარის შემზღუდველი, R&Go რადიო და მულტიმედური აპლიკაცია, რომელიც მფლობელს მობილური ტელეფონით ავტომობილზე მანიპულირების საშუალებას აძლევს. ამავე აპლიკაციით, მას ავტომობილის მაჩვენებლებზეც აქვს წვდომა.
„რენო“ ვერსია „ტვინგო ჰიპანემას“ მყიდველს, ავტომობილის ოთხ ფერს სთავაზობს. ესენია: დრაჟი ბლიუ (ლურჯი), ეკლერ იელოუ (ყვითელი), კრისტალ უაითი (თეთრი) და ეტუალ ბლექ (შავი). საფრანგეთში სასტარტო ფასი 13 700 ევროა. ყველაფერთან ერთად, დამატებით შეთავაზებაში არის „ჰიპანემას“ საიუველირო ნაწარმი, როგორებიცაა ყელსაბამი, ბეჭედი და სამაჯური, რომელიც სწორედ „ტვინგო ჰიპანემას“ მყიდველისთვის არის შემუშავებული.

„რენოს“ ლიდერი კევინ მაგნუსენი იქნება


რენოს“ ფორმულა 1-ის მმართველი დირექტორი სირილ აბიტბული ამბობს, რომ ფორმულა 1-შ დაბრუნებულ გუნდს ლიდერობას დანიელი კევინ მაგნუსენი გაუწევს. მართალი, მას გასული სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა - „მაკლარენში“ მხოლოდ პირველ ეტაპზე მოუწია გამოსვლამ, როცა ბარსელონას ტესტებზე ტრავმირებული ფერნანდო ალონსო შეცვალა, მაგრამ გუნდში ეჭვი არავის ეპარება, რომ სწორედ მაგნუსენს შეუძლია ლიდერის როლის შესრულება.

მაგნუსენმა 2014 წელს სრული სეზონი (მისთვის სადებიუტო) სწორედ „მაკლარენში“, ჯენსონ ბატონთან ერთად გაატარა და მაშინვე მიიქცია ყურადღება. თუმცა მალე უოკინგელების პარტნიორი „ჰონდა“ გახდა, რომელმაც მოითხოვა, რომ გუნდში ორი ჩემპიონი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, „მაკლარენმა“ „ფერარიდან“ ალონსო გადმოიბირა, რომელმაც სწორედ მაგნუსენი შეცვალა.

„რენოში“ დანიელი მრბოლის პარტნიორი ბრიტანელი ჯოლიონ პალმერია, რომელიც გასულ სეზონში „ლოტუსის“ (ახლანდელი რენოს) სარეზერვო პილოტი იყო და ხანდახან, თავისუფალ პრაქტიკებზე ეძლეოდა ტრასაზე გამოსვლის საშუალება. ფ1-ის რბოლებში მონაწილეობის გამოცდილება მას არ გააჩნია.

„ვფიქრობ, შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. ისინი ახალგაზრდა, ენერგიული პილოტები არიან, რომლებსაც თავის გამოჩენა ამოძრავებს. ორივე იმსახურებს ფ1-ში ყოფნას და ისინი ჩვენთან ერთად დააგროვებენ გამოცდილებას. ორივემ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლიათ. ჯოლიონს GP2-ის ტიტული აქვს მოგებული, კევინი კი ფორმულა „რენო“ 3.5-ის ჩემპიონია. კევინი თვითნაბადი ნიჭის მქონე პილოტია და აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი იყოს. ჯოლიონი კი ძლიერი თანაგუნდელის ყოლით იხეირებს“, - ამბობს აბიტბული.

მაგნუსენმა თავის სადებიუტო რბოლაშივე (ავსტრალია, 2014 წელი) შეძლო ფინიშთან სამეულში მისვლა. ამგვარად, კევინი მეორე დანიელი პილოტია, ვინც ფ1-ში ქულის აღება შეძლო. პირველმა ეს მამამისმა, იან მაგნუსენმა კანადის 1998 წლის დიდ პრიზზე შეძლო, რომელიც მე-6 ადგილზე დაასრულა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ლუის ჰამილტონის (2007 წლის ავსტრალიის დიდი პრიზი) შემდეგ, სადებიუტო რბოლაშივე კვარცხლბეკზე ასვლა სწორედ კევინმა მოახერხა.

„ერთწლიანი უქმეობის შემდეგ, ძალიან მოტივირებული ვარ. იმედი მაქვს, ბევრ რამეს დავამტკიცებ. ძალიან ბევრ რბოლას ვუყურე პადოკიდან და მოუთმენლად ველი დაბრუნებას. მთელი ცხოვრება რბოლებში ვმონაწილეობ. „რენო სპორტმა“ დაბრუნების საშუალება მომცა და ეს ნდობა უნდა გავამართლო“, - ამბობს მაგნუსენი.


„დაჩიას“ ჟენევური პრემიერა - „დასტერ ესენციალი“


„რენოს“ რუმინულმა შტო „დაჩიამ“ თავისი სამოდელო გამის სპექტრისთვის, საერთო სპეციალური სპეციფიკაცია „ესენციალი“ შეიმუშავა, რომელსაც მალე „დასტერის“, „ლოგანის“, „ლოგან MCV-ს“, „სანდეროს“, „დოკერის“ და „ლოდჯის“ მყიდველს შესთავაზებს. პირველი ავტომობილი, რომელიც ახალი ვერსიით გამოვა, არის უგზობის „დასტერ ესენციალი“ და მისი პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა.

„დასტერ ესენციალი“ ახალ სპეციალურ ფერშია შეღებილი, რომელსაც „ტურმალინ ბრაუნი“ უწოდეს. ამავე ფერშია შეღებილი ბამპერები. გარდა ამისა, სპეც ვერსია განსხვავებული დიზაინის ბორბლებზე დგას. სიახლეებია სალონშიც, სადაც მფლობელის განკარგულებაში კავშირის სისტემა ბლუთუთ და USB პორტი იქნება. ავტომობილს აქვს ცენტრალური საკეტი და წინა ფანჯრების ელექტრო ამწევები.

აღჭურვილობაში შევა ავტომატიზებული ტრანსმისია „იზი-R“, რომელიც „დაჩიამ“ გასული წლის მიწურულს შეიმუშავა. ბენზინის ძრავ TCe 90-ით აღჭურვილ მოდელებზე ხელმისაწვდომი იქნება სისტემა სტოპ-სტარტი. ამავე სისტემას მალე დიზელის dCi 90 ძრავით აღჭურვილ „ლოგანზე“, მის უნივერსალისძარიან ვერსიაზე, „სანდეროსა“ და „სანდერო სტეპვეიზე“ დააყენებენ.

გადაცემათა კოლოფ „იზი-R-ს“ აქვს ექვსი საფეხური და ის იმგვარად არის მომართული, რომ მფლობელს ყოველდღიური სარგებლობისას მართვა გაუადვილოს. ის მოსახეხებელია მაშინაც კი, როცა ავტომობილს ქალაქის გადატვირთულ გზებზე მოძრაობა უწევს.

„დაჩია“ ვერსია „ესენციალს“ პირველ რიგში, დასავლეთ ევროპის ქვეყნების მყიდველებს შესთავაზებს.


„რენო“ ფ1-ის ბოლიდის საბრძოლო ფორმას მელბურნში გვიჩვენებს


შავი ფერი, რომელშიც „რენოს“ ფორმულა 1-ის ავტომობილები ტესტების დროს იყო გამოწყობილი, რბოლებისთვის არაა. ფრანგული საჯინიბო სეზონის სრულიად განსხვავებულ ფერთა გამით ჩაატარებს, რომელსაც მელბურნის ალბერტ პარკზე, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპის წინ, 16 მარტს გაგვაცნობს.

ტესტების შემდეგ, „რენოს“ ფ1-ის გუნდი გაოცებას არ მალავს მიღწეული შედეგებით. რა თქმა უნდა, ამაში არ იგულისხმება ძრავის სიმძლავრე და წრეზე ნაჩვენები შედეგები. თუმცა ანალიზი აჩვენებს, რომ გუნდს პირველივე ეტაპზე ათეულში შესვლის რეალური შანსი აქვს. ეს კი უდაოდ დიდი წარმატებაა იმის გათვალისწინებით, რომ გასული სეზონის მიწურულს, ფრანგულმა კომპანიამ მეტისმეტად გვიან გამოისყიდა „ლოტუსი“, რათა მის ბაზაზე საკუთარი გუნდი ჩამოეყალიბებინა.

ტესტების რვა დღის განმავლობაში, „რენოს“ პილოტებმა, ჯოლიონ პალმერმა და კევინ მაგნუსენმა 776 წრის (3 647 კილომეტრის) გავლა მოასწრეს. მანქანამ საერთო ჯამში, დამაკმაყოფილებელი გამძლეობა გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ როცა ტესტებს პალმერი ატარებდა, რამდენჯერმე მექანიკური პრობლემა პრობლემა წარმოიქმნა, მაგნუსენის ჯერზე კი ძირითადად უპრობლემოდ მუშაობდა. რაც მთავარია, გასულ სეზონთან შედარებით, გაცილებით უკეთ იმუშავა ძალურმა დანადგარმა. მართალია, ის ამ ეტაპზე „მერსედესის“ და „ფერარის“ ძრავებივით მძლავრი არაა, მაგრამ „რენოში“ იმედოვნებენ, რომ თანდათან ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებენ.

„სიმართლე რომ ითქვას, ტესტების შედეგებით გაოცებულები ვართ. ამან კარგი განწყობა შეგვიქმნა. მანქანა საიმედოა, როგორც ვიმედოვნებდით. მანქანის ხელახლა შემუშავება, როცა ამ საქმეს დაგვიანებით იწყებ, ადვილი საქმე არაა. ამ პროცესში, მის გამძლეობასთან დაკავშირებით, პრობლემები იქმნება ხოლმე. მაგრამ ჩვენ ამ პრობლემებს გვერდი ავუარეთ, რაც სერიოზული პროგრესია. სიმძიმის ცენტრთან დაკავშრებით, ჩვენი გათვლები ზუსტი გამოდგა. მანქანა კარგი სამართავია, რაც ძლიერი ბაზაა შემდგომი განვითარებისთვის“, - ამბობს გუნდის ტექნიკური დირექტორი ბობ ბელი.

ის ასევე აცნობიერებს, რომ RS16-ს სიმძლავრე და გზასთან ჩაჭიდება აკლია, რაც სეზონის განმავლობაში გამოსწორდება. მთავარია, რომ ავტომობილი კარგადაა დაბალანსებული და სტაბილური მართვადობით გამოირჩევა. არადა, როგორც ბელი აღნიშნავს, მანქანაზე მუშაობისას, ინჟინრებს სრულყოფილი ბალანსის მიღწევაზე ბევრი არ უმუშავიათ. კარგად იმართება ძრავიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით პროგრესისთვის დრო და რესურსი არ დაიხარჯება.

„რენო მეგან სპორტ ტურერი“ - უნივერსალიც და სპორტსმენიც


„რენომ“ ჟენევის მოტორ შუზე, მეოთხე თაობის ჰეჩბეკ „მეგანის“ უნივერსალისძარიანი ვერსია, სახელად „მეგან სპორტ ტურერი“ წარადგინა. ეს არის თავის წინამორბედზე გრძელი, განიერი და დაბალი ავტომობილი, რომლის ძრავების გამაშიც, ახალი ოთხცილინდრიანი, ბენზინის და დიზელის ტურბო აგრეგატები შევიდა. გარდა ამისა, ავტომობილს თავის კლასში ყველაზე გრძელი საბარგული აქვს, რომლის მოდულური სტრუქტურა, მის პრაქტიკულობას განაპირობებს.

სპორტული უნივერსალი ჰეჩბეკის სტილშია შესრულებული, თუმცა მასზე გრძელი სახურავი აქვს, რომელზეც ბარგის სამაგრი რელსებია განლაგებული. როგორც უნივერსალს შეეფერება, ავტომობილის უკანა ნაწილიც, სადაც საბარგული მდებარეობს, დაგრძელდა. მის ბორბლებს შორის ბაზა, ჰეჩბეკის ტოლია და 2712 მილიმეტრს შეადგენს. ამასთან, უკანა გრძელი გადმონაშვერის წყალობით, უნივერსალი უფრო გრძელიცაა (4626 მილიმეტრი). საბარგულის მოცულობა 580 ლიტრია (წინამორბედისა 434 ლიტრია).

სტანდარტული „სპორტ ტურერის“ ძრავების გამაში, ბენზინის ორი, 1.2 და 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავი (99 ცხ.ძ და 128 ცხ.ძ) და დიზელის ოთხი, 1.5 და 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავი (108-128 ცხ.ძ) შევიდა. მალე გამას ჰიბრიდული აგრეგატიც შეუერთდება. სტანდარტულ აღჭურვილობაში შევიდა 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ამასთან, ზოგ ძრავთან კომბინაციაში, 6-საფეხურიანი ავტომატური და 7-საფეხურიანი ორქუროიანი ავტომატური ტრანსმისიებიც იმუშავებს. GT ვერსიის გამაში მხოლოდ ორი ძრავი შევიდა. მათგან ერთია 163-ცხენისძალიანი დიზელი, მეორე კი 202-ცხენისძალიანი ბენზინის ძრავი. მეორესთან 7-საფეხურიანი კოლოფი იმუშავებს, პირველთან კი - 6-საფეხურიანი ავტომატური.

GT ვერსია აქტიურ მართვაზეა ორიენტირებული, რაზეც მისი ძრავების სიმძლავრეც მიანიშნებს. გარდა ამისა, მის აღჭურვილობაში შევიდა ოთხივე ბორბლის მართვის სისტემა „4კონტროლი“, რაც ავტომობილის მანევრულობას აუმჯობესებს. ასევე შასი აღჭურვილია სისტემა „მულტი სენსით“, რომელიც საკიდარს სხვადასხვა სტილით მართვის შესაბამისად მომართავს. უნივერსალი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას.

GT ვერსიის სალონში სპორტული ყაიდის სავარძლები განლაგდა. უნივერსალის ეკიპირებაში შევიდა ინფოტაინმენტ სისტემა „R-ლინკი“, რომელსაც ცენტრალურ კონსოლზე განლაგებული 8.7-დუიმიანი სენსორული ეკრანი ემსახურება.

„რენო“ ჰეჩბეკ „მეგანის“ გაყიდვებს (მისი პრემიერა ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე შედგა) ზაფხულში დაიწყებს, „სპორტ ტურერი“ და „სპორტ ტურერ GT“ კი ბაზარზე წლის ბოლოს გამოვა.


„რენო სცენიკის“ პრემიერა ჟენევაში

როგორც დაგეგმილი იყო, ახალ, მეოთხე თაობის „სცენიკთან“ პირველი შეხვედრა, „რენომ“ ჟენევის მოტორ შოუზე გამართა. მაღალი გამავლობის მინივენი, ან გაზრდილი ტევადობის ქროსოვერი - ახალი „სცენიკი“ერთდროულად ქროსოვერიცაა და მინივენიც. და ფაქტობრივად ახალ, ამ ორი კლასის ჰიბრიდულ სეგმენტს უყრის საფუძველს. „რენოს“ ინოვაციების შიში არასდროს ჰქონდა და ამჯერადაც ასეა. ამის საფუძველს კი მას ეს შესანიშნავი ავტომობილი აძლევს.

ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას (სტანდარტული ეკიპირება) და სწორედ ეს იძლევა იმის ეფექტს, რომ ავტომობილი მაღალია. სინამდვილეში, ამას საკიდარი კი არა, დიდი ბორბლები განაპირობებს. ასეთი ბორბლები მხოლოდ ავტომობილის ვიზუალური მხარის გასაუმჯობესებლად გამოიყენეს. სინამდვილეში, ამ ბორბლების საბურავების გვერდითა სარტყლების სიმაღლე 107 მილიმეტრია, ზუსტად იმდენი, რამდენიც ძველი „სცენიკის“ 17-დუიმიან ბორბლებს აქვს. ამგვარად, მათ არც ცუდი გზების „ეშინიათ“.

ახალი „სცენიკი“ კონცეპტუალური „R-სპეისის“ სტილშია შესრულებული. მას აქვს პანორამული სახურავი, ახალი ბამპერები, მოკლე გადმონაშვერები, შუქდიოდური ფარები. ძარა განსხვავებულ ფერშია შეღებილი. ახალია სავარძლები და ციფრული მაჩვენებლების დაფა. ცენტრალურ კონსოლზე სენსორული 8.7-დუიმიანი ეკრანი განთავსდა, რომელიც არის ინფოტაინმენტ სისტემა „R-ლინკ 2-ის“ ნაწილი.საბარგულის მოცულობა 572 ლიტრია.

ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შევიდა მძღოლის გადაღლის აღმომჩენი, ფეხმავლების დაფიქსირების, ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემები, ასევე ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი. ინფოტაინმენტ სისტემას ხმითამომცნობი ფუნქცია გააჩნია. BOSE-ს აკუსტიკური სისტემა 11 მაღალი სიმძლავრის ლაუდსპიკერს მოიცავს.

ახალი „სცენიკი“ პლატფორმა CMF-C-ზეა ბაზირებული.ის წინმორბედთან შედარებით, გაბარიტებში გაიზარდა. სტანდარტული მოდლი ხუთადგილიან,მაგრამ შემდგომში „რენო“ შვიდადგილიან „გრანდ სცენიკსაც“ გამოუშვებს. ძრავების გამაში ბენზინის და დიზელის ძრავები შევიდა, მალე კი მათ ჰიბრიდული აგრეგატი შეუერთდება, რაც „სცენიკს“ თავის სეგმენტში ყველაზე ეკონომიური ავტომობილის სტატუსს მოაპოვებინებს. შიდაწვის ძრავებთან წყვილში სამი ტიპის გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. ესენია: 6-საფეხურიანი მექანიკური, 6-საფეხურიანი ავტომატური, ასევე7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფით, რომელსაც ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობა დააკავშირებს.

უფრო „სექსუალური“ „რენო სცენიკი"

ჟენევურ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, „რენომ“ თავის პოპულარულ კომპაქტურ მინივენ „სცენიკის“ მეოთხე თაობის მოდელის ფოტოები გამოაქვეყნა. ფრანგული კომპანიის განაცხადებით, ახალი ავტომობილი წინამორბედზე „სექსუალური“ გარეგნობით გამოირჩევა და ძველებურად პრაქტიკულია. „რენო“ იმედოვნებს, რომ ახალი „სცენიკი“, ევროპის კომპაქტური მინივენების სეგმენტში მოწინავე პოზიციას დაიბრუნებს.

„ახალი „სცენიკით“ ჩვენ წარსულთან დაშორება გადავწყვიტეთ. ეს უფრო თანამედროვე და კოხტა ავტომობილია და იმავდროულად, ინარჩუნებს იმ მოდულურობას, რომელმაც წინა სამი თაობის მოდელებს წარმატებები მოაპოვებინა“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას ამბობს „რენოს“ დიზაინის შეფი ლორენს ვან დენ აკერი.

ახალი „სცენიკის“ დიზაინი კონცეპტუალური „R-სპეისის“ შთაგონებით არის შექმნილი, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ 2011 წელს შეიმუშავა. ახალი ავტომობილის გარეგნობაში ქროსოვერის თვისებებსაც აღმოაჩენთ და ამ მხრივ, ის უფრო დიდი „ესპეისის“ მსგავსია. „რენოს“ გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ტიერი კოსკასი ამბობს, რომ კომპანიამ უარი თქვა ერთმოცულობიან, მომაბეზრებელ დიზაინზე და ახალი „სცენიკით“, მინივენებსა და ქროსოვერებს შორის საზღვარი წაშალა.

ახალ „სცენიკს“ პატარა ქროსოვერ „კაპტურის“ მსგავსი ნაკვთები აქვს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი „სცენიკი“ დინამიურ სტილშია შესრულებული. ავტომობილის კლირენსი გაიზარდა, უკანა გადმონაშვერი კი - დამოკლდა. გარდა ამისა, გაიზარდა წინა და უკანა ბორბლების კვალი, რაც ავტომობილს მოსახვევებში მეტ მდგრადობას მიანიჭებს.

„სცენიკს“ ევროპის კომპაქტური მინივენების სეგმენტში ლიდერის პოზიცია თითქმის ოცი წელი ეკუთვნოდა, მაგრამ 2014 წელს პირველობა დათმო. და მოწინავეობის დასაბრუნებლად, „რენომ“ ახალი თაობის „სცენიკის“ შექმნისას, განსაკუთრებული ყურადღება დახვეწილი სტილის შემუშავებას დაუთმო. ცნობისათვის, პირველი „სცენიკი“ ბაზარზე 1996 წელს გამოვიდა და ეს იყო ჰეჩბეკ „მეგანის“ ოჯახის წევრი. შესაბამისად, „მეგან სცენიკი“ ერქვა. ავტომობილმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ევროპის ბაზარზე, თავის სეგმენტში ლიდერი გახდა. მეორე და მესამე თაობის მოდელების სახელიდან „მეგანი“ ამოიღეს. ამასთან, მეორე თაობის „სცენიკის“ ბაზაზე, მისი შვიდადგილიანი და გრძელბაზიანი ვერსიებიც გამოუშვეს. გრძელბაზიან ავტომობილს „გრანდ სცენიკი“ ეწოდა. კასკასი ამბობს, რომ მეოთხე თაობის „სცენიკის“ ბაზაზე, შვიდადგილიანი „გრანდ სცენიკის“ გამოშვება ისევ იგეგმება.

ახალი „სცენიკის“ პრემიერა 1 მარტს, ჟენევის მოტორ შუზე გაიმართება.


„რენო RS16-ის“ პირველი ტესტი ბარსელონაში

ბარსელონას ავტოდრომ „ცირკვიტ კატალუნიაზე“ სტარტი აიღო ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტებმა. მასში რა თქმა უნდა, ფ1-ში დაბრუნებული „რენოს“ გუნდიც მონაწილეობს, რომლის ბოლიდმაც (RS16) პირველად გაიარა სწრაფი წრეები. ეს ავტომობილი „ლოტუსის“ გასული სეზონის მანქანის ევოლუციური ვარიანტია, ოღონდ ის „რენოს“ ძრავითაა აღჭურვილი.

როგორც ტექნიკური დირექტორი ნიკ ჩესტერი ამბობს, ავტომობილს ძირითადი სიახლეები უკანა ნაწილში აქვს, სადაც ძრავი და ტრანსმისიაა განლაგებული. გარდა ამისა, განსხვავებული კონფიგურაცია აქვს გაგრილების სისტემას. ჩესტერი ამბობს, რომ ტესტების მსვლელობისას, მანქანაზე ბევრი სიახლის გამოცდა იგეგმება და შესაბამისად, სეზონის პირველ ეტაპზე, რომელსაც მელბურნი უმასპინძლებს, RS16 მნიშვნელოვნად შეცვლილი წარსდგება.

ამ ეტაპზე, გუნდი ახალ აეროდინამიკურ ელემენტებს ამზადებს, რომელთა გამოყენებითაც, მანქანის გზასთან ჩაჭიდება გაიზრდება. პარალელურად, ინჟინრები დაკიდების სისტემის პროგრამაზე მუშაობენ. ჩესტერის თქმით, სიახლეები ბარსელონას პირველი სატესტო დღეების შემდეგ იქნება მზად და მათ მეორე ოთხდღიან სესიაზე გამოიყენებენ.

გარდა ამისა, ტესტების დროს, გუნდი რაც შეიძლება მეტი მანძილის გავლას გეგმავს, რათა მანქანის მომართვის სხვადასხვა ვერსიები მოსინჯოს და ბოლიდის და ძრავის გამძლეობაც შეამოწმოს.

ტესტების პირველ დღეს, საჭესთან ფ1-ის ბრიტანელი ახალბედა, ჯოლიონ პალმერი იჯდა. ტესტებისას მან მხოლოდ 37 წრის გავლა შეძლო, რადგან ელექტრონკა გაჭირვეულდა და პილოტმა ორივე სესიაზე დროის მეტი წილი ბოქსებში გაატარა. მანვე აღნიშნა, რომ გასულ სეზონთან შედარებით (მაშინ ის ლოტუსის ტესტ პილოტი იყო და თავისუფალ პრაქტიკებზე უწევდა ტრეკზე გამოსვლა), მანქანა უკეთ სამართავი გახდა.

„რენო მეგან სპორტ ტურერის“ დებიუტი ჟენევამდე გაიმართება

„რენომ“ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო ტიზერი ავტომობილისა, რომლის მსოფლიო პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება, თუმცა მანამდე ფრანგული კომპანია მას სპეციალური წარდგენისას, ჟენევურ პრემიერამდე ერთი კვირით ადრე (22 თებერვალს) გაგვაცნობს. ავტომობილს „რენო მეგან სპორტ ტურერი“ ჰქვია და როგორც სახელიდან ჩანს, ეს არის ჰეჩბეკ „მეგანის“ უნივერსალის ძარიანი ვერსია.

„რენომ“ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ჟენევაში C-სეგმენტის (კომპაქტური) ორი ავტომობილის პრემიერა ექნება. მათგან ერთი კომპაქტური მინივენი „სცენიკია“, მეორე კი, როგორც მოსალოდნელი იყო, უნივერსალი იქნება. ტიზერს არ მოჰყოლია განმარტება იმაზე, თუ რა ავტომობილია გამოსახული ფოტოზე. თუმცა ჩაბნელებულ ფონზე კარგად ჩანს დაგრძელებული სახურავი, რაც სწორედ უნივერსალის მანიშნებელია.

უნივერსალი იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელზეც ჰეჩბეკი. არ შეცვლილა ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე. უფრო მეტიც, მესამე საყრდენამდე, ჰეჩბეკსა და უნვერსალს ბევრი არაფერი განსხვავებს. ამის უკან კი სახურავი 30 მილიმეტრით ადრის დაგრძელებული. ამასთან, ის უკნისკენ დაქანებულიცაა, რაც სპორტულ იერს ანიჭებს. უცვლელია სალონი, სადაც სამგზავრო სივრცის მოცულობა იგივეა, რაც ხუთკარიან ჰეჩბეკზე. გრძელი სახურავის ხარჯზე, საბარგულის მოცულობა გაიზრდება.

„სპორტ ტურერის“ ძრავების გამაში, ის აგარეგატები შევა, რომლებსაც „რენო“ ჰეჩბეკზე იყენებს. მათ შორის სამი დიზელისაა, სამიც - ბენზინის. მათი სიმძლავრე 90-დან 205 ცხენის ძალამდეა. გადაცემათა კოლოფია. მათგან ერთი 6-საფეხურიანი მექანიკურია, მეორე კი - ნახევრად ავტომატური, ორქუროიანი გადაბმულობით.


„რენო ალპინ ვიჟნ კონცეპტ“ - ერთი ნაბიჯი წარმოებამდე

ბევრი ბჭობის, დაგვიანების და „კატერჰემთან“ პარტნიორობის შეწყვეტის შემდეგ, „რენომ“ ბოლოს და ბოლოს, თავის აღდგენილ სპორტულ ბრენდ „ალპინის“ პირველი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის, „ალპინ ვიჟნ კონცეპტის“ პირველი ჩვენება მოაწყო. სპორტული ავტომობილის სერიული ვერსიის სახელი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. ბრენდ „ალპინს“ უკვე დარეგისტრირებული აქვს ორი სახელი - AS1 და AS110 (AS - ალპინ სპორტ).

წარდგენა მონტე კარლოში გაიმართა, ორადგილიანი და შუაძრავიანი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა კი მალე, ჟენევის მოტორ შოუზე შედგება. მართალია, კონცეპტუალურ ავტომობილად მოიხსენიება, მაგრამ „ალპინ ვიჟნ კონცეპტი“ სერიული წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა. „რენო“ მის წარმოებას ამ წლის მიწურულს დაიწყებს, გაყიდვები პირველ რიგში ევროპაში, მომავალ წელს დაიწყება. ევროპის შემდეგ, მას დანარჩენ ბაზრებზეც შეიტანენ.

მონტე კარლოში ჩვენებისას, „რენოს“ ახალი ავტომობილის ტექნიკური მონაცემები არ გაუმჟღავნებია. თუმცა დაადასტურა, რომ ავტომობილი აღჭურვილია ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც სალონის უკან არის განლაგებული. სავარაუდოდ, ეს არის „კლიო RS-ის“ 1.6-ლიტრიანი ტურბოს მოდფიცირებული ვერსია, რომლის მუშა მოცულობა შესაძლოა 2.0 ლიტრამდე იყოს გაზრდილი. ცნობისათვის, „კლიო RS-ის“ ძრავი 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სპორტულ ავტომობილზე, ძრავთან წყვილში ორქუროიანი ტრანსმისია იმუშავებს, რომლის საფეხურების შეცვლაც, საჭის რგოლთან განლაგებილი ბერკეტებით მოხდება.

„ალპინი“ აცხადებს, რომ მისი პირველი ავტომობილი სიმსუბუქით იქნება გამორჩეული. გავრცელებული ინფორმაციით, წონა 1000 კილოგრამის ფარგლებში უნდა იყოს. ეს კი სერიული ავტომობილის ტემპერამენტიანობას და მანევრულობას უზრუნველყოფს. „ალპინ ვიჟნ კონცეპტის“ სერიული ვერსიის სტანდარტული აჩქარება (0-100 კმ/ათ) 4.5 წამზე ნაკლები იქნება.

„ალპინ ვიჟნ კონცეპტის“ გარეგნობაში, კონცეპტ „ალპინ სელებრატიონის“ სტილის გავლენა იგრძნობა, რომელიც თავის მხრივ, 1960-70-იანი წლების ლეგენდარული „ალპინ A110 ბერლინტას“ შთაგონებით დამზადდა. სალონში კი ფუტურისტული ატმოსფეროა, რასაც სრულად ციფრული მაჩვენებლების დაფა ქმნის.

„ყველა ჩვენგანი, ვინც „ალპინში“ მუშაობს, ამაყობს იმით, რომ ჩვენ მოგვენდო ამ ბრენდის აღდგენის და ბაზარსა და სპორტში დაბრუნების საქმე. ჩვენი საქმე ისაა, რომ „ალპინი“, მისი სახელოვანი წარსულით, ახლებურად გავიაზროთ და მშვენიერი დიზაინის, მობილურობის და უბადლო ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ავტომობილად ჩამოვაყალიბოთ. კონცეპტუალური „ალპინ ვიჟნ კონცეპტი“ ადვილად ცნობადი, თანამედროვე ავტომობილია“, - ამბობს „ალპინის“ მმართველი დირექტორი მიხაელ ვან დერ სანდე.

„რენო“ ახალ „სცენიკს“ ჟენევაში წარადგენს

„რენო“ თავის პოპულარულ კომპაქტურ მინივენ „სცენიკის“ ახალ თაობას, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. საინტერესოა, რომ ავტომობილის პრემიერა, მისი პირველი თაობის გამოსვლიდან 20 წლის იუბილეს დაემთხვევა. ჟენევური პრემიერის შესახებ, კომპანიამ ინფორმაცია სწორედ ამ იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული ბროშურით შეგვატყობინა.

ფრანგულმა კომპანიამ, ახალი „სცენიკის“ კონცეპტუალური ვერსია 2011 წელს გვიჩვენა „R-სპეისის“ (ფოტოზე) სახით. შესაბამისად, ახალ სერიულ ავტომობილს, განახლებული დიზაინი ექნება. რადიატორის ცხაურის მოყვანილობა და ფარები, „რენოს“ კორპორაციულ სტილში შესრულდება და ამ მხრივ, ახალი „სცენიკი“ ჰეჩბეკ „მეგანს“ და სედან „ტალისმანს“ დაემსგავსება.

სხვათა შორის, „რენოს“ მთავარ დიზაინერ ლორენს ვან დენ აკერს ნათქვამი აქვს, რომ მეოთხე თაობის  „სცენიკი“ ქროსოვერის სტილში შესრულდებოდა და არა მინივენის. სწორედ ქროსოვერად მოიხსენიებს ფრანგული კომპანია ახალ „ესპეისს“, რომელსაც ახალი „სცენიკი“ გარეგნულად დაემსგავსება. იმავე ვან დენ აკერის თქმით, ახალ „სცენიკს“ ექნება უფრო მაღალი კლირენსი და სპორტული სილუეტი. ამ უკანასკნელს ჩამოაყალიბებს დახრილი საქარე შუშა და ვიწრო (დაბალი) ფანჯრები. გარდა ამისა, ავტომობილს უფრო დაბალი და მოკლე კაპოტი ექნება.
ახალი ავტომობილი, მოდულურ პლატფორმა CMF-ს დაეყრდნობა, რომელსაც „რენო“ უკვე იყენებს ჰეჩბეკ „მეგანსა“ და უგზობის „კადჯარზე“. ძრავებს და ტრანსმისიებსაც „მეგანისგან“ გაიზიარებს. მათ შორისაა ბენზინის 1.2 და 1.6-ლიტრიანი, ასევე დიზელის 1.5-ლიტრიანი ძრავები, მექანიკური და ორქუროიანი გადაცემათა კოლოფები.

„რენო“ გაყიდვების კიდევ უფრო ზრდას გეგმავს


„რენომ“ თავისი შარშანდელი გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გაყიდვების მაჩვენებელმა 2.8 მილიონ ავტომობილს მიაღწია. ეს 3.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე და კომპანიის ისტორიაში რეკორდული დონეა. ფრანგულმა კომპანიამ ევროპულ ბაზარზე თავისი წილი გაზარდა, განვითარებად ქვეყნების ბაზრებზე კი - შეინარჩუნა. რაც მთავარია, „რენოს“ გაყიდვები, მთელი მსოფლიოს ბაზარზე, რომლის ზრდამაც 1.6 პროცენტს მიაღწია, ორჯერ მეტად გაიზარდა.
მაგრამ „რენო“ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ დასჯერდება. უფრო მეტიც, კომპანიის მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ გაყიდვების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს. ამაში ფრანგულ კომპანიას ახალი მოდელები დაეხმარება, როგორიცაა უგზობის „კადჯარი“ (ფოტოზე). გარდა ამისა, „რენო“ აქტიურდება ჩინურ ბაზარზე და უბრუნდება ირანს.
„ჩვენი ზრდა 2016 წელს კიდევ უფრო დაჩქარდება. ჩვენს პოზიციებს ყველა რეგიონში განვიმტკიცებთ“, - ამბობს „რენოს“ გაყიდვების შეფი ტიერი კოსკასი. მისი კომპანია წელს ბაზარზე 10 ახალ და განახლებულ მოდელს გამოიტანს. მათ შორის იქნება დიდი ზომის უგზობის მოდელი, რომელმაც „კოლეოსი“ უნდა შეცვალოს და კომპაქტურ ჰეჩბეკ „მეგანის“ განახლებული ვერსია.
ევროპაში „რენოს“ გაყიდვები 10.2 პროცენტით არის გაზრდილი, რასაც ხელი „კადჯარის“ და უგზობის სუბკომპაქტურ მოდელ „კაპტურის“ გამოსვლამ შეუწყო. შედარებისთვის, შარშან ძველი კონტინენტის ბაზარი „მხოლოდ“ 9.4 პროცენტით გაიზარდა. სამაგიეროდ, სამხრეთ ამერიკაში გაყიდვები 15 პროცენტით არის შემცირებული, ევრაზიის რეგიონში კი კლებამ 8.6 პროცენტი შეადგინა. ევრაზიაში კლებამ რუსეთის ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრმა კლებამ განაპირობა. მაგრამ ევრაზიაში სიტუაცია მალე გამოსწორდება, რადგან ჩინეთში კომპანიამ თავისი პირველი ქარხანა აამოქმედა, ინდურ ბაზარზე კი უგზობის მინი ავტომობილი“კვიდი“ გამოვიდა, რომელსაც იქ კარგი პერსპექტივა აქვს.

„რენო კვიდი“ რბოლებისთვის და სამთო გზებისთვის


„რენომ“ ნიუ დელის ავტო შოუზე, თავისი ყველაზე პატარა ქროსოვერის, „კვიდის“ ორი ახალი ვერსია - „კვიდ რეისერი“ და „კვიდ ქლიმბერი“ წარადგინა. ამ ორი კონცეპტუალური ავტომობილით, ფრანგულმა კომპანიამ, „კვიდის“ განვითარების პოტენციალი გვიჩვენა. „რენომ“ თავისი პატარა ქროსოვერი ინდურ ბაზარზე ოთხი თვის წინ წარადგინა და ამ დროში, უკვე 90 000 შეკვეთის მიღება მოასწრო.

კონცეპტუალური ავტომობილების სახელებიდან ჩანს, რომ „ქლიმბერი“ უფრო უგზობაზეა სპეციალიზებული, რაშიც მას მაღალი კლირენსი და შესაფერისი პროტექტორის მქონე ბორბლები ეხმარება. გარდა ამისა, გარეგნული ცნობადობისთვის, დიზაინერებმა ავტომობილს დიდი ზომის ბამპერები და გამობორცვილი საბორბლე თაღები გაუკეთეს.

„კვიდ ქლიმბერი“ თვაის მომჭრელ ფორთოხლისფერში გამოაწყვეს, რომელთანაც შავი ფერის მოლდინგებია შეხამებული, რომლებსაც გარს ცისფერი არშიები აკრავს. დიზაინერებმა ამგვარად, დამთვალირებლის ყურადღების იმ დეტალებზე მიქცევა გადაწყვიტეს, რომლებიც ამ კონცეპტს ახასიათებს. საერთო ჯამში, ავტომობილი საკმაოდ აგრესიული, უგზბის მოდლისთვის დამახასიათებელი იერით გამოირჩევა. „რენოს“ გამოფენაზე არ უთქვამს „კვიდ ქლიმბერის“ ტრანსმისია სრულ ამძრავიანია, თუ წინა ამძრავიანი.

„რეისერის“ სტიქია კი რბოლაა. შესაბამისად, ის აეროდინამიკური ელემენტებითაა ეკიპირებული. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც დაბალპროფილიანი სპორტული საბურავებითაა შემოსილი. სალონში დამცავი კარკასი განლაგდა, სავარძლები კი სარბოლო ყაიდისაა. „კვიდ რეისერის“ ფერი - „მეტალიკ ბლიუ“, ბრენდ „ალპინს“ მოგაგონებთ, რომლის სახელითაც მალე „რენო“ ახალ სპორტულ ავტომობილს გამოუშვებს.

„კვიდ რეისერზეც“ ნახავთ შავი ფერის მოლდინგებს და განიერ საბორბლე თაღებს, ოღონდ მათ წითელი არშიები აკრავს. დიდი ზომის ჰაერის ამღებები, ძრავის და მუხრუჭების უფრო ინტენსიურ გაგრილებას უზრუნველყოფს, სპოილერების წყალობით კი ავტომობილი გზის საფართან გაზრდილი ჩაჭიდებით გამოირჩევა.

სამწუხაროდ, „რენო“ თავისი ქროსოვერის ამ ორი ვერსიის გამოშვებას არ გეგმავს. სამაგიეროდ, ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, მალე „კვიდს“ ევროპის ბაზარზე შეიტანს, სადაც პატარა ქროსოვერებზე მზარდი მოთხოვნაა.

ორი კონცეპტის გარდა, ნიუ დელის შოუზე „რენომ“ ასევე უახლესი 1.0-ლიტრიანი ძრავი და ავტომატიზებული მექანიკური კოლოფი „იზი-R“ წარადგინა, რომლებსაც ჯერჯერობით მხოლოდ „კვიდზე“ გამოიყენებს.

მაგნუსენი „რენოში“


ხმები კევინ მაგნუსენის „რენოში“ გადასვლის შესახებ, რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა. და არავის გაჰკვირვებია, როცა გუნდის მიერ პარიზში ჩატარებულ პრეზენტაციაზე, პილოტებს შორის დანიელი პილოტიც გამოჩნდა. ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელობას ისღა დარჩენოდა, „მაკლარენის“ ყოფილი პილოტი საზოგადოებისთვის ოფიციალურად წარედგინა.
პრეზენტაციაზე მაგნუსენმა განაცხადა, რომ ამ გუნდთან ერთად შეუძლია, ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძოლოს, მაგრამ ეს დაუყოვნებლივ ვერ მოხდება: „ეს ფორმულა ერთში უბრალო ადგილი არაა. ეს ტოპ ადგილია. რენო სპორტი მომავალში მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ამჯერად მას განვითარება სჭირდება. მაგრამ ისინი აქ მოვიდნენ იმისათვის, რომ გაიმარჯვონ და მათთან ერთად, ამ მიზანს მეც ვიზიარებ“.
მაგნუსენი (ფოტოზე) 2013 წელს ფორმულა რენო 3.5-ის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც საპრიზო პილოტად „მაკლარენმა“ აიყვანა. უოკინგელებთან ერთად დებიუტი შესანიშნავი გამოდგა - მაგნუსენმა პირველივე რბოლაში (ავსტრალია) შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. მაგრამ იმავე სეზონის ბოლოს, „მაკლარენში“ ადგილი დაკარგა - ბრიტანული გუნდის ძრავების ახალმა მიმწოდებელმა „ჰონდამ“, გუნდში ორი ჩემპიონი მოითხოვა. საბოლოოდ, მაგნუსენის ადგილი ფერნანდო ალონსომ დაიკავა.
და მაინც, გასული სეზონის პირველ ეტაპზე (ისევ მელბურნი) ისევ მაგნუსენს მოუწია ალონსოს შეცვლა - ესპანელი წინასასეზონო ტესტებისას სერიოზლად დაშავდა. ამჯერად დანიელ პილოტს წარუმატებლობა ელოდა - მანქანა მანამ გაფუჭდა, სანამ მაგნუსენი სტარტზე გასვლას შეძლებდა. სეზონის ბოლოს, „მაკლარენმა“ მაგნუსენს კონტრაქტი შეუწყვიტა და ამით, წასვლის უფლება მისცა, რადგან ცნობილი იყო, რომ მომავალ სეზონშიც საპრიზო პილოტებად ისევ ალონსო და ჯენსონ ბატონი ეყოლება.
„2014 წლის სეზონი მაკლარენში გავატარე და ყოფილ ჩემპიონთან შედარებით, საკმაოდ კარგად ვიასპარეზე. მაგრამ მომდევნო სეზონში მაინც შემცვალეს. მართალი, ჩემ ადგილზე ორგზის ჩემპიონი მოვიდა, მაგრამ ეს მაინც ძალიან ძნელი მომენტი იყო. ექვსი წლის ასაკიდან, ყოველ სეზონში რბოლებში ვმონაწილეობდი. ამიტომ, რბოლების ბოქსებიდან 
ცქერა ჩემთვის ძნელი იყო და ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა“, - ყვება მაგნუსენი.
ის დასძენს, რომ უქმეობისას, ფიზიკურ მომზადბაზე გადაიტან აქცენტი და ახლა საუკეთესო ფორმაში იმყოფება. რაც შეეხება რბოლებს, ერთხელ „პორშეს“ სარბოლო პტროტოტიპის ტესტირების საშუალება მიეცა და პირველივე წრიდან, სარბოლო სიჩქარე განავითარა.

„რენოს“ ახალ შეფს „შედეგები პირველივე სეზონში სურს“

„რენომ“ თავისი ფორმულა 1-ის გუნდის რბოლების დირექტორად, ფრედერიკ ვასორი დანიშნა. ამ მენეჯერს დიდი გამოცდლება აქვს დაგროვილი სარბოლო გუნდ ART-ში (ყოფილი ASM), რომლის პილოტებსაც, GP2, GP3 და ფორმულა 3-ის სერიებში არაერთი ტიტული აქვთ მოპოვებული. რამდენიმე კი, მათ შორის ლუის ჰამილტონი, ნიკო როსბერგი, რომენ გროჟანი და ნიკო ჰულკენბერგი, თანამედროვე ფ1-ის წამყვანი პილოტია.

ახლახანს, ART-ის ბელგიელმა პილოტმა სტოფელ ვანდოორნმა GP2-ის ტიტული მოიპოვა, GP3-ის ჩემპიონი კი ასევე ART-ის ფრანგი პილოტი, ესტებან ოკონი გახდა, რომელიც „რენოს“ ფ1-ის გუნდმა სარეზერვო პილოტად აიყვანა. „რენოში“ დანიშვნამდე, ვასორს და მის გუნდს, ფრანგულ კომპანიასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. კერძოდ, ფ3-ში მისი ძრავების გამოყენება 20 წლის წინათ დაიწყო. ამასთან, ART-ი კომპანია „სპარკის“ შასის იყენებდა, რომელიც ფორმულა E-ს ჩემპიონატში, ასევე „რენოს“ პარტნიორია.

ვასორი ამბობს, რომ „რენოს“ ხელმძღვანელობა, კარგ შედეგებს საშუალოვადიან პერიოდში მოელის, თუმცა მას მიაჩნია, რომ გაუმჯობესება აშკარად შესამჩნევი შეიძლება მომავალ სეზონშივე გახდეს: „ჩვენ ვიცით, რომ მიზანი, მომდევნო ორ-სამ სეზონში კვარცხლბეკის მიღწევაა. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ გარკვეული შედეგები ამ სეზონშივე გვქონდეს. ვფიქრობ, ამისათვის საკმაოდ კარგი პილოტები გვყავს“. ვასორი დასძენს, რომ მთავარი გამოწვევა, გუნდის ორ - ენსტოუნის (ბრიტანეთი) და ვირი-შატიონის ბაზებს შორის შეწყობილი მუშაობის უზრუნველყოფაა.

„რენო სპორტ რეისინგის“ პრეზიდენტ ჟერომ შტროლის თქმით, ახალ გუნდს ბევრი მუშაობა მოუწევს იმისათვის, რომ ორივე ბაზაზე ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს. აქამდე თუ „რენო“ მხოლოდ ძრავების მიმწოდებლის რანგში მუშაობდა, ამიერიდან გაცილებით რთული გუნდური სტრუქტურის აწყობა მოუწევს, რასაც დრო დასჭირდება. ამიტომ, 2016 წლის სეზონი „რენოს“ ფ1-ის პროგრამაში გარდამავალი იქნება.

„რენომ“ თავისი ფორმულა 1-ის პროგრამა გაგვაცნო

პარიზში მდებარე საკუთარ ტექნოცენტრში, „რენომ“ თავისი ფორმულა 1-ის ბოლიდი RS16 წარმოადგინა, რომლითაც ახალი სეზონიდან ჩაერთვება მსოფლიო ჩემპიონატში. „ლოტუსის“ მსგავსად, რომლისგან გამოსყიდული გუნდის ბაზაზეც, ფრანგულმა კომპანიამ საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა, სარბოლო ავტომობილი ძირითადად შავ ფერშია გამოწყობილი, რომელსაც გრაფიტისფერი და ყვითელი აქცენტები აქვს შეხამებული.
რაც მთავარია, ავტომობილი „ლოტუს E23-ის“ შასის ევოლუციურ ვერსიაზეა ბაზირებული და რა თქმა უნდა, მასზე „მერსედესის“ ძრავი, „რენოს“ აგრეგატმა შეცვალა. პრეზენტაციაზე ფრანგულ კომპანიას არ დაუმალავს, რომ ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე 875 ცხენის ძალის ფარგლებშია.
ამგვარად, „რენო“ ფ1-ის პირველი გუნდია, რომელმაც საკუთარი პროგრამა წარმოგვიდგინა. ფრანგული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა გამოაცხადა, რომ გუნდის სრული სახელი იქნება „რენო სპორტ ფორმულა 1“. მისივე თქმით, „გუნდს მიზნად აქვს დასახული, რომ სამ წელიწადში კვარცხლბეკზე ასვლა შეძლოს“.
„რენომ“ ოფიციალურად წარადგინა თავისი პილოტები - ბრიტანელი ჯოლიონ პალმერი და დანიელი კევინ მაგნუსენი. ამათგან პირველი დებიუტანტია. მას მხოლოდ „ლოტუსის“ სარეზერვო პილოტად აქვს ნამუშევარი და პერიოდულად, თავისუფალ პრაქტიკებზე ეძლეოდა ტრასაზე გამოსვლის საშუალება. მან გუნდში ფრანგი რომენ გროჟანის ადგილი დაიკავა.
მაგნუსენს კი გამოცდილება „მაკლარენში“ აქვს მიღებული და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს ის პილოტია, რომელსაც „რენოსთვის“ წარმატების მოტანა შეუძლია. მაგნუსენმა გუნდში ვენესუელელი პასტორ მალდონადოს ადგილი დაიკავა, რომელმაც ვეღარ მიიღო ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს ფინანსური მხარდაჭერა.
„რენოს“ გუნდის სარბოლო დირექტორად ფრედერიკ ვასორი დაინშნ, ვინც კარგა ხანს სარბოლო გუნდ „ART გრან პრის“ უძღვებოდა. ამ გუნდს GP2, GP3 და ფორმულა 3-ის სერიებში, არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული. მისი პილოტები კი სხვადასხვა დროს, ლუის ჰამილტონი, ნიკო როსბერგი, ნიკო ჰულკენბერგი და გროჟანი იყვნენ.
მის გარდა, „რენოს“ მმართველი დირექტორი იქნება სირილ აბიტბული, ვინც მანამდე „რენოს“ ფ1-ის ძრავების პროგრამას ხელმძღვანელობდა. ტექნიკური დირექტორი კი ბობ ბელი იქნება.
წარდგენისას გუნდმა გამოაცხადა, რომ ამ ფერებში მანქანა ტესტების დროს იქნება გამოწყობილი. თუმცა სეზონის გამხსნელ რბოლაზე - ავსტრალიის დიდ პრიზზე, შეიძლება შეფერილობა შეიცვალოს.
„რენო“ ფორმულა 1-ში პირველად 1977 წელს გამოჩნდა და 1985 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატში უცვლელად მონაწილეობდა. რამდენიმე რბოლის მოგების გარდა,  გუნდი მსოფლიო ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტიც იყო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ფ1-ს 2002 წელს დაუბრუნდა და 2011 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში, ფერნანდო ალონსო ორჯერ (2005 და 2006 წლებში) გახდა მსოფლიო ჩემპიონი და გუნდმაც ორჯერ მოიგო კონსტრუქტორთა თასი.
სულ ორივე პერიოდში, „რენოს“ ფ1-ში 303 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან 35 რბოლა მოიგო, 51 პოულ პოზიციიდან დაიწყო, 31 რბოლაში კი უსწრაფესი წრე ჰქონდა.

„რენომ“ ჩინეთში ახალი ქარხანა აამოქმედა

„რენომ“ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ახალი ამწყობი ქარხანა გახსნა, რომლის აშენებას და აღჭურვასაც ჯამში 870 მილიონი ევროს ინვესტიცია მოახმარა. ფრანგული კომპანია ვარაუდობს, რომ მართალია, ჩინეთის საავტომობილო ბაზარზე მოთხოვნის კლება შეინიშნება, მაგრამ ადგილზე წარმოებული ავტომობილების წყალობით, თავად გაყიდვებს გაზრდის. უფრო მეტიც, გაყიდვების ზრდის ტემპი მალე ორნიშნა რიცხვით იქნება გამოსახული.

ვუჰანის ქარხანამ უკვე დაიწყო უგზობის მოდელ „კადჯარის“ წარმოება. მალე მას უფრო დიდი ზომის უგზობის მოდელი, შემდეგ კი ელექტრული სედანი „ფლუენსი“ მოჰყვება. ცენტრალურ ჩინეთში აგებული ქარხნის წლიური წარმადობა 150 000 ავტომობილია. თუმცა, როგორც ადგილობრივ „დონფენთან“ ერთად შექმნილი ერთობლივი კომპანიის შეფი ჟაკ დანიელი ამბობს, ეს მაქსიმუმი არაა და მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წარმოების გაორმაგება და გასამმაგებაა შესაძლებელი.

„რენო“ ევროპულ კომპანიათაგან ერთ-ერთი პირველი შევიდა ჩინურ ბაზარზე, თუმცა შემდეგში იქ ასპარეზი თავის თანაალიანსელ „ნისანს“ დაუთმო. მაგრამ ცისქვეშეთის ბაზარზე ნებაყოფლობით უარის თქმა მცდარი სვლა იყო და ამიტომ, ფრანგულმა კომპანიამ იქ დაბრუნება გადაწყვიტა. შესაბამისად, ის ჯერ მდევრის როლშია, თუმცა ახალი ქარხანა ჩამორჩენის სწრაფად აღმოფხვრის საშუალებას მისცემს..

„შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ აქ ბრძოლის დასრულების შემდეგ შემოვდივართ. მაგრამ ამ ბაზარზე ბრძოლა არასდროს შეწყდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბაზარზე, რომლის წლიური მოცულობა 20 მილიონ ავტომობილს აღწევს, შესვლა არასდროსაა გვიან“, - ამბობს დანიელი. „რენოს“ მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა ქარხნის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ „რენოს“ სტრატეგიულ გეგმაში ჩინეთს ძირეული ადგილი უკავია, თუმცა კომპანია მხოლოდ ამ ბაზარზე დამოკიდებული არაა.

ცნობისათვის, „რენომ“ ჩინეთში შარშან 23 000 ავტომობილი გაჰყიდა. კომპანია გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას უგზობის მოდელების ხარჯზე გეგმავს, რომლებზეც ცისქვეშეთში სოლიდური მოთხოვნაა - ბაზრის თითქმის მესამედი სწორედ ამ ტიპის ავტომობილებზე მოდის. და არც ესაა მაქსიმუმი - მისი წილი იზრდება და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მალე ბაზრის 50 პროცენტს მიაღწევს.

ჯერჯერობით „რენოს“ ჩინურ ბიზნესს ის გარემოება აფერხებს, რომ ადგილზე წარმოება არ ჰქონდა და ავტომობილები უცხოეთიდან შეჰქონდა. ამიტომ ისედაც მცირე გაყიდვებს, მცირე მოგება მოჰქონდა, რადგან შეტანილი ავტომობილები დიდი გადასახადებით იბეგრება. ვუჰანის ქარხნის ამუშავება იმ დროს ემთხვევა, როცა ჩინურ ბაზარზე გაყიდვების შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი. წელს გაყიდვები 4-6 პროცენტით გაიზრდება, რაც წინა წლების გაყიდვების ზრდის ტემპზე (რაც ორნიშნა რიცხვებით გამოისახებოდა) გაცილებით ნაკლებია. 

ვუჰანში წარმოებული „კადჯარის“ გაყიდვები ჩინეთში მარტში უნდა დაიწყოს. ფრანგული კომპანიის განცხადებით, ეს ავტომობილი ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნათა შესაბამისად არის ეკიპირებული. კერძოდ, მას ექნება პანორამული სახურავი, ოთხივე ბორბლის მართვის სისტემა და დამოუკიდებელი უკანა საკიდარი. რაც შეეხება ძრავს, საბაზო ეკიპირებაში შევა ბენზინის 2.0-ლიტრიანი აგრეგატი, რომელსაც ვუჰანშივე ააწყობენ. მოგვიანებით კი მყიდველს ევროპაში წარმოებულ 1.2-ლიტრიან ტურბო ძრავსაც შესთავაზებენ.

"რენო" დიზელის ძრავების მახასიათებლებს არ აყალბებს!


დიზელგეიტი „ფოლკსვაგენს“ კარგს არაფერს უქადის. უფრო მეტიც, პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ სკანდალმა შესაძლოა სხვა ავტომწარმოებლებიც ჩაითრიოს. სწორედ ამიტომ, საფრანგეთის მთავრობამ ჩამოაყალიბა საფრანგეთის ჰომოლოგაციის ორგანო (UTAC), რომლის მიზანიც, ფრანგული ავტო კომპანიების შემოწმებაა, რათა გაირკვეს, ისინიც ხომ არ იყენებენ ავად სახსენებელ ელექტრონულ სისტემას (ეგრეთ წოდებულ დიფიტ დივაის), რომელიც გერმანულ კომპანიას, საწვავის მოხმარების გაყალბების საშუალებას აძლევდა.

UTAC-მა დეკემბერში უკვე ჩაატარა ტესტები, რომელთა მიზანსაც, ამა თუ იმ მოდელის საწვავის ხარჯის კომპანიის მიერ მითითებულ რაოდენობასთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენდა. მაშინ მხოლოდ 11 ავტომობილი გამოიცადა, რომელთაგან 4 „რენოს“ წარმოების იყო. შემოწმებას დარღვევები არ აღმოუჩენია. ამჟამად UTAC-ი კიდევ 100 ავტომობილს უტარებს ტესტებს, რომელთაგან 25 „რენოსია“. საკუთარი შემოწმების ჩატარებას აპირებს საფრანგეთის კლიმატის და ენერგიის სააგენტო, რომელმაც ახლახანს „რენოს“ შტაბ ბინაში და ტექნოცენტრში ჩაატარა შემოწმება. რაც მთავარია, აქამდე არავითარი დარღვევა არაა აღმოჩენილი.

მაგრამ შტაბ ბინის და ტექნოცენტრის შემოწმებამ, ძალიან ცუდად იმოქმედა ფრანგული კომპანიის აქციების ფასზე, რომელიც ბოლო 17 წელიწადში ყველაზე მკვეთრად დაეცა. პარიზის საფონდო ბაზარზე, „რენოს“ აქციების ვარდნამ 21 პროცენტი შეადგინა. ფულადი საზომით ზარალმა 6.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლოს „რენოს“ აქციებზე მსგავსი ვარდნა 1999 წელს დაფიქსირდა, რაც კომპანიას და პროფკავშირებს შორის ურთიერთობის უკიდურეს დაძაბვას მოჰყვა.

„რენო“ ერთადერთი კომპანია არაა, რომელმაც დიზელგეიტთან დაკავშრებით, ძლიერი ზარალი განიცადა. მაგალითად გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ საწვავის ხარჯის მონაცემებს „ბეემვეც“ აყალბებს. ბავარიელთა ინიციატივით ჩატარებულმა შემოწმებამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა, თუმცა კომპანიის აქციების ფასი 9.3 პროცენტით დაეცა.

„რენო“ საკუთარი ავტომობილების საწვავის საშუალო ხარჯის შესამცირებლად მუდმივად მუშაობს და ამ მიმართულებით, სოლიდური მიღწევები აქვს. გარდა იმისა, რომ ევროპის ბაზარზე, ელექტრომობილების ლიდერი მწარმოებელია, მისი შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა, დაახლოებით 10 პროცენტით არის შემცირებული.

„რენომ“ ევროპაში ყველაზე მეტი ელექტრომობილი გაყიდა

გასულ წელს, ევროპის ელექტრომობილების ბაზარზე,საუკეთესო შედეგი „რენომ“ დააფიქსირა. ფრანგულმა კომპანიამ სულ 23 086 ელექტრომობილი გაყიდა, რაც წინა წლის გაყიდვებზე თითქმის 50 პროცენტით მეტია და ძველი კონტინენტის ელექტრომობილების სეგმენტის 23.6 პროცენტს შეადგენს. ევროპაში გაყიდული ყოველი ხუთი ელექტრომობილიდან, ერთი „რენოს“ მარკისაა. „რენოს“ ელექტრომობილებს შორის, ყველაზე კარგი გაყიდვებით სუბკომპაქტური „ზოი“ გამოირჩევა, რომელიც 18 453 ცალი გაიყიდა, ანუ წინა წელზე 2.2 პროცენტით მეტი. აქედან 10 670 „ზოი“ საფრანგეთში გაიყიდა, სადაც კომპანიას ელექტრომობილების სეგმენტში 48.1 პროცენტი ეკუთვნის. ასეთ შედეგს დიდწილად განაპირობებს შეღავათები, რომლებიც საფრანგეთის მთავრობას, ეკოლოგიურ ავტომობილებზე აქვს დაწესებული. „ზოის“ პოპულარობა სხვა ქვეყნებშიც სწრაფად იზრდება. ეს განსაკუთრებით ბრიტანეთს ეხება, სადაც ამ პატარა ელექტრომობილის გაყიდვები 102 პროცენტით არის გაზრდილი. შარშან იქ სულ 2 053 „ზოი“ გაიყიდა. „რენოს“ ელექტრომობილებს შორის, მეორე ყველაზე გაყიდვადი მოდელი, მსუბუქი კომერციული „კანგუა“, რომელიც ევროპაში 4 325 ცალი გაიყიდა. ეს სეგმენტი ფრანგული კომპანიისთვის განსაკუთრებით წარმატებულია - 2010-2015 წლებში მასში 62 228 ელექტრომობილი აქვს გაყიდული. იმავდროულად, „რენოს“ ჯგუფმა მთელ მსოფლიოში გაყიდვები (მსუბუქი ავტომობილების და მსუბუქი კომერციული ავტომობილების) 3.3 პროცენტით, 2.8 მილიონამდე გაზარდა. ამასთან, ზედიზედ მესამე წელი დაასრულა გაყიდვების ზრდით. მსოფლიო ბაზარზე მისი წილი კი ისევ 3.2 პროცენტის ფარგლებში შეინარჩუნა და კვლავაც იწოდება მსოფლიო ბაზრის პირველ (გაყიდვებით) ფრანგულ კომპანიად. „რენოს“ ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ტიერი კოსკასი, ვინც გაყიდვებს და მარკეტინგს უძღვება, ამბობს, რომ ლათინურ ამერიკასა და რუსეთში არსებულ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მისმა ჯგუფმა შეძლო გაყიდვების ზრდა. ეს კი აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთსა და ევრაზიის რეგიონში გაყიდვების ზრდამ განაპირობა. ამასთან, გაყიდვებზე დადებითად აისახება გეოგრაფიული დივერსიფიკაციის სტრატეგია. რაც მთავარია, „რენო“ აღებული ტემპის შენარჩუნებას გეგმავს. ოპტიმიზმის საფუძველი კი ისაა, რომ ანალიტიკოსთა შეფასებით, მსოფლიო ავტობაზარი წელს 1-2 პროცენტით გაიზრდება. ასევე ზრდის (2 პროცენტით) პროგნოზი აქვს ევროპის და საფრანგეთის ბაზარსაც. სამაგიეროდ, 6 და 12 პროცენტით შემცირდება ბრაზილიის და რუსეთის ბაზრებზე გაყიდვები. თუმცა ეს „რენოს“ ჯამურ შედეგებზე გავლენას ნაკლებად იქონიებს.


„რენოს“ სპორტული მოდელების გამა გაიზრდება

„რენოს“ სპორტული პროგრამების შტო „რენო სპორტი“, თავისი პროგრამის გაფართოებას აპირებს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ორი ჰეჩბეკის, სუბკომპაქტ „კლიოს“ და კომპაქტ „მეგანის“ ტემპერამენტიანი ვერსიები პოპულარობით სარგებლობს და სოლიდური მოგება მოაქვს. ამასთან, მარკეტოლოგები თვლიან, რომ მსგავსი ვერსიები, სხვა მოდელების შემთხვევაშიც წარმატებული იქნება.


მაგრამ არის წინააღმდეგობაც - კერძოდ ის, რომ ამ ეტაპზე, ფრანგული კომპანია აქცენტს უგზოობის მოდელების გამის გაფართოებაზე აკეთებს. „რენო სპორტს“ კი ამ სეგმენტის მოდელებზე მუშაობას არ გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. ამიტომ, მისთვის შესაძლოა საინტერესო გახდეს საშუალო ზომის სედანი „ტალისმანი“. მაგრამ, ამ შემთხვევაში პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ ამ სეგმენტის ავტომობილები, ამ ეტაპზე, ევროპაში პოპულარობას კარგავს. ამიტომ, „ტალისმანის“ ტემპერამენტიანი ვერსიის შექმნა შესაძლოა, სარისკო იყოს.


„რენოს“ ქროსოვერები პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ „რენოსპორტის“ საინჟინრო შტაბი, ამ მოდელების ბაზაზე საკუთარი ვერსიების შექმნაზე მუშაობისგან თავს იკავებს. ჯერ ერთი, უნდა შემუშავდეს შესაბამისი მოდელის ბიზნეს გეგმა, რომელიც შეისწავლის მასზე პოტენციურ მოთხოვნას, პროექტის შესრულებადობას, ასევე წარმოადგენს ეკონომიკურ დასაბუთებას. მთავარი კითხვაა - სურს ვინმეს ისეთი უგზოობის მოდელის შეძენა, რომელსაც დადაბლებული კლირენსი აქვს? ან არის უგზოობის კაბრიოლეტი?


ამ სამი საკითხის სათანადო დამუშავების გარეშე, „რენოს“ არცერთი მოდელის RS ვერსია არ გამოვა ბაზარზე. მაგრამ თუ ასეთი მოდელის შექმნა გადაწყდა, ჯერ დამზადდება მისი კონცეპტუალური ვერსია, რომელსაც დიდ გამოფენებზე წარადგენენ და დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში, მას მწვანე შუქს აუნთებენ. მაგრამ როგორც „რენოსპორტის“ ვიცე პრეზიდენტი გაყიდვებში, მარკეტინგსა და კომუნიკაციებში, რეჟის ფრიკო ამბობს,ამ ეტაპზე ასეთი მოდელის შექმნა დღის წესრიგში არ დგას. მაგრამ ის მომავალში ასეთი მოდელების დამზადებას არ გამორიცხავს.


თუ ქროსოვერის და უგზოობის მოდელის ბაზაზე, „რენოსპორტი“ თავის ვერსიას დაამზადებს, ასეთ ავტომობილს, დადაბლებული კლირენსის გარდა, უფრო მკვეთრი აჩქარების უნარი, გაუმჯობესებული შასი, რა თქმა უნდა, განსხვავებული მახასიათებლები და საბაზო მოდელზე მეტი ფასი ექნება. ამასთან, ინჟინრებს ბევრ კომპრომისზე წასვლა მოუწევთ, რაც სპორტული ვერსიისთვის მისაღები იქნება. მთავარია, რამდენად დააინტერესებს ასეთი ავტომობილი პოტენციურ მყიდველს.

“რენოს“ გაყიდვები ბრიტანულ ბაზარზე სწრაფად იზრდება

ბრიტანულ ბაზარზე „რენოს“ გაყიდვებმა 75 618 ავტომობილი შეადგინა, რაც ბოლო ოთხწლიანი მაქსიმუმია. ამასთან, შარშან ფრანგული კომპანიის გაყიდვების ზრდა 14 პროცენტი იყო. ეს მაშინ, როცა ალბიონის საავტომობილო ბაზარი მხოლოდ 6.3 პროცენტით გაიზარდა.

„რენოს“ ბრიტანული სამოდელო გამიდან, ყველაზე მეტი პოპულარობით, სუბკომპაქტური სეგმენტის (B სეგმენტი) ავტომობილები - ჰეჩბეკი „კლიო“, ქროსოვერი „კაპტური“ და ელექტრომობილი „ზოი“ სარგებლობენ. მათი ჯამური გაყიდვები 5.8 პროცენტით არის გაზრდილი. სამივე მოდელი ჯამში 53 410 ცალი გაიყიდა. აქედან 2 053 არის „ზოი“. აღსანიშნავია, რომ „რენომ“ ბრიტანეთში სულ 2 266 ელექტრომობილი გაჰყიდა და ამათი უმეტესობა სწორედ „ზოი“ იყო.

„რენო“ კარგ შედეგებს მოელის უახლეს ქროსოვერ „კაჯარისგან“, რომლის გაყიდვები ბრიტანეთში ბოლო კვარტალში დაიწყო და ჯერ ტემპის აკრეფა ვერ მოასწრო. ფრანგული კომპანია ამ მოდელზე დიდ იმედებს ამყარებს. ამის საფუძველი ისაა, რომ ევროპის ბაზარზე ეს ავტომობილი კარგი მოთხოვნით სარგებლობს. ამასთან, ე.წ. საოჯახო ტიპის კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტი, ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ევროპაშიც და ალბიონზეც.

„ასეთი არაჩვეულებრივი ზრდა, ჩვენს ახალ, შესანიშნავ მოდელებზე მოხმარებელთა მოთხოვნამ უზრუნველყო. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ჩვენი დილერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. 2015 წლის ბოლო კვარტალში „კაჯარის“ დამატებით, ჩვენი გამა კიდევ უფრო გაძლიერდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი გაყიდვების პირველი სრული წელი ძალიან წარმატებული იქნება. ამასთან, მას ზაფხულში სრულიად ახალი „მეგანი“, წლის ბოლოს კი სრულიად ახალი „სცენიკი“ დაემატება. ამით, ჩვენი სამოდელო გამის განახლება დასრულდება“, - ამბობს „რენოს“ ბრიტანული შტოს დირექტორი კენ რამირესი.

„კლიოს“ გარდა, „კაჯარით“, სრულიად ახალი „მეგანით“ და საშუალო ზომის სედან „ტალისმანით“, ფრანგული კომპანია პრაქტიკულად ყველა ძირითად სეგმენტში იქნება წარმოდგენილი, რაც მის გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის. განსაკუთრებულ აღნიშვნას „მეგანი“ იმსახურებს, რომლის ახლანდელი თაობის მოდელიც, დაძველების მიუხედავად, კვლავ ძალიან პოპულარულია. ბაზარზე ახალი თაობის გამოსვლის შემდეგ კი მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

„რენომ“ „ლოტუსის“ შესაძენად 1 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა

„რენომ“ მხოლოდ 1 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა,როცა ფორმულა 1-ის გუნდ „ლოტუსს“ ყიდულობდა. გარიგება შობის დღესასწაულის წინდასრულდა და ის საკმაოდ რთული პროცესი იყო. და რაც მთავარია, ფრანგულ კომპანიას,უშუალოდ „ლოტუსის“ მფლობელებისთვის გადახდილი სიმბოლური თანხის გარდა, ამ გუნდის დავალიანებების გადახდაც მოუწევს, რომელთა გამოც, „ლოტუსს“ გაკოტრება ემუქრებოდა. პარალელურად, „გენიი კეპიტალმა“ და მისმა ფილიალმა „გრევიტი მოტორსპორტსმა“ შეინარჩუნეს გუნდის აქციების 10 პროცენტი და უარი თქვესაქციონერთაგან კრედიტით მიღებულ 98.2 მილიონ გირვანქა სტერლინგზე. „ლოტუსის“შესყიდვის პროცესი საკმაოდ რთული კომბინაცია გამოდგა. კერძოდ, „გენიიმ“ ჯერ მის ხელთ არსებული 6 744 444 აქციის გარდა, „უითლოკ ალიანსისგან“ 6 744 444 აქციაც გამოისყიდა და გუნდის სრული მფლობელი გახდა. მაგრამ მალევე აქციების 90 პროცენტი ბრიტანულ კომპანია „გრიგნის“ მიჰყიდა, რომელიც თავის დროზე, „ბენეტონის“და „რენოს“ გუნდების ძირითადი მფლობელი იყო. „გენიიმ“ აქციების 10 პროცენტი თავისთვის დაიტოვა.

„გრიგნი“ კი „რენოს“ შვილობილი კომპანიაა. უფრო ზუსტად, ფრანგული კომპანიის შტო „რენო დეველოპმენტ ინდუსტრიელ ეტ კომერსიელს“ (RDIC) ეკუთვნის. „გრიგნი“ 1977 წლიდან არსებობს, ოღონდ 1979-2000 წლებში, მას „ბენეტონი“ერქვა. ეს სახელი კი მანამდე დაერქვა, სანამ ტანსაცმლის მწარმოებელი იტალიური კომპანია ფ1-ში მოვიდოდა.

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კომპანიამ „ბენეტონის“ფ1-ის გუნდი შეიძინა, მას სწორედ „გრიგნის“ საშუალებით ფლობდა. მერე კი საჯინიბო „გენიის“ მიჰყიდა. V8 ძრავების ეპოქაში, „რენო“ თავის კერს-ის (კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემა) სისტემას, გუნდებს სწორედ „გრიგნის“ სახელით აწვდიდა. ამგვარად,2013 წელს 7 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამომუშავება შეძლო.

ეს ყველაფერი კი ტურბო ეპოქაში შეიცვალა, როგორც კიკერს-ის ორივე ტიპის (თბური და კინეტიკური) სისტემა, ძალური დანადგარის ინტეგრალური ნაწილი გახდა. ამის გამო, „გრიგნიმ“ მხოლოდ 432 000 გირვანქა სტერლინგის გამომუშავება შეძლო. ამჯერადაც, „რენო“ თავის გუნდს „გრიგნის“საშუალებით ფლობს.

გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლება "რენოს" ცენტრში!

შეიძინეთ Renault Megane $14 900-ად $19 500-ის ნაცვლად!

იჩქარეთ! მხოლოდ ერთი ცალია დარჩენილი!

საახალწლო ფასდაკლება "რენოს" ცენტრში

შეიძინეთ ახალი Renault Duster $15 500-ად, $17 500-ის ნაცვლად!

იჩქარეთ - აქცია ძალაშია 2016 წლის 20 იანვრის ჩათვლით!


„რენო“ „ალპინ A120-ს“ თებერვალში გაგვაცნობს

„რენოს“ მიერ ახლახანს გაცოცხლებულმა ბრენდმა „ალპინმა“, რომელიც სპორტული ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული, საკუთარ ტვიტერზე გამოაცხადა, რომ თავის პირველ სერიულ მოდელს 16 თებერვალს, ჟენევის მოტორ შოუს დაწყებამდე გაგვაცნობს. „ჩვენ გვინდოდა, ჩვენი დაბრუნების შესახებ გვემცნო, თუმცა ბევრი იტყვის, რომ არსადაც არ წავსულვართ“, - ნათქვამია ტვიტერში, გავრცელებულ პოსტში, რომელსაც ახლავს ვიდეო წარწერით „16.02.16“.

ამ ეტაპზე, ახალ ავტომობილს A120-ად მოიხსენიებენ. ბაზარზე ის „პორშე კაიენის“ კონკურენტად მოიაზრება. რაც მთავარია, ეს იქნება ფრანგული კომპანიის იკონური A110-ს იდეური შთამომავალი. ამ ავტომობილს მყიდველს განსხვავებული სპეციფიკაციებით შესთავაზებენ და ყველა მათგანი, 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომლებიც პირველ რიგში, ფორსირების სხვადასხვა ხარისხით იქნება განსხვავებული. ეს აგრეგატი 1.6-ლიტრიანი ძრავის ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც „რენო“ მოდელ „კლიო RS-ზე“ იყენებს. ბაზაში, უკან გალაგებულ ძრავს, ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი დაუკავშირდება, რომელიც ახლახანს, მოდელ „ტალისმანისთვის“ შეიქმნა.

A120-ის საბაზო ვერსიის ძრავის სიმძლავრე 250 ცხენის ძალა იქნება. ტოპ ვერსიის სიმძლავრე კი 300 ცხენის ძალამდე აიწევს, რასაც უფრო მძლავრი ტურბო კომპრესორის წყალობით მიაღწევენ. შესაბამისად, ძრავს უფრო ეფექტური გაგრილების სისტემა დასჭირდება, რისთვისაც გაიზრდება ჰაერის ამღებთა განივკვეთი, თუმცა ეს აეროდინამიკას არ გააფუჭებს. ავტომობილის საორიენტაციო წონა 1100 კილოგრამია, რასაც ინჟინრები მსუბუქი მასალების (მეტწილად ალუმინის) ინტენსიური გამოყენებით მიაღწევენ.

როგორც ახალი ავტომობილის ინჟინრები ამბობენ, მონტე კარლოს რალის გამარჯვებული A110-ის მსგავსად, მათ წინ ისეთივე მრგვალი ფარები მოათავსეს, როგორიც ლეგენდარულ წინაპარს ჰქონდა. ფარები ჯვრითაა „გადახაზული“, ოღონდ, ისინი შუქდიოდური ელემენტების ბლოკებს წარმოადგენს. გარდა ამისა, ავტომობილის გარეგნობა შორიდან სწორედ მის წინაპარს მოგაგონებთ.

ახალი ავტომობილის საორიენტაციო ფასი 40-50 ათასი ევროა.

„რენო კლიო RS 220 ტროფი“ ნურბურგრინგის რეკორდსმენი გახდა

გამოცემა „შპორტ აუტოს“ მიერ, ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე ჩატარებული ტესტების დროს, „რენოს“ ტემპერამენტიანმა მინი ჰეჩბეკმა „კლიო RS 220 ტროფიმ“ წრე 8 წუთსა და 32 წამში გაიარა, რაც B-სეგმენტის ავტომობილებს შორის საუკეთესო შედეგია. ტესტების დროს, ფრანგულმა ჰოტ ჰეჩბეკმა თავის უშუალო კონკურენტებს - „აუდი S1-ს“, „ოპელ კორსა OPC-ს“ და „მინი კუპერ JWC-ს“ აჯობა. ყველა ავტომობილის ტესტირებისას, საჭესთან „შპორტ აუტოს“ რედაქტორი კრისტიან გებჰარდტი იჯდა. B-სეგმენტის ავტომობილების ახალი რეკორდი 38 წამით ჩამორჩება წინა წამყვანბორბლიანი ავტომობილების ნურბურგრინგის ძველ მსოფლიო რეკორდს, რომელიც C-სეგმენტის „რენო მეგან ტროფი-R-ს“ ეკუთვნოდა. გებჰარდტის თქმით, „კლიო RS 220 ტროფის“ რეკორდის დამყარებაში, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალმა და სპორტულმა საკიდარმა შეუწყო ხელი. ნურბურგრინგის ახალი რეკორდსმენის პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გაიმართა. ეს პატარა ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 220 ცხენის ძალას და 260 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, ფუნქცია ოვერბუსტის დახმარებით, მომენტი მყისიერად 280 ნიუტონმეტრამდე იზრდება. ძრავთან წყვილში რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელსაც მოდერნიზაცია ჩაუტარდა. ის ნორმალ და სპორტ-რეჟიმებში, გადაცემების საფეხურებს ჩვეულებრივზე 40 პროცენტით სწრაფად რთავს, რეჟიმ რეისის დროს კი - 50 პროცენტით სწრაფად. ფუნქცია ოვერბუსტი მე-4 და მე-5 საფეხურების დროს ირთვება. განახლებული ჰოტ-ჰეჩი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენის“ მარკა „პაილოტ სუპერ სპორტის“ რეზინითაა შემოსილი. განხლებული საკიდარის წყალობით, ავტომობილის კლირენსი წინ 20 მილიმეტრით, უკან კი 10 მილიმეტრით შემცირდა.

შემდეგი „რენო მეგან RS“ უფრო მცირე ძრავით აღიჭურვება

„რენოს“ სპორტულ დივიზიონ „რენოსპორტის“ კომერციულ დირექტორ რეჟის ფრიკოტის თქმით, ახალი თაობის „მეგან RS“ ახლანდელი ორლიტრიანი ძრავით აღარ აღიჭურვება. ამის მიზეზი ისაა, რომ აღნიშნულმა ძრავმა განვითარების პოტენციალი ამოწურა და მისი შემდგომი სრულყოფა, გამონაბოლქვში მავნე მინარევების შემცირებას აღარ გამოიწვევს.

ფრიკოტს არ დაუზუსტებია, თუ რა ძრავი ჩაანაცვლებს ძველს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ძრავის სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე ნაკლები არ იქნება, რათა ახალმა „მეგან RS-მა“ თავის მეტოქეებთან კონკურენცია შეძლოს. სავარაუდოდ, ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომელსაც ფრანგული კომპანია, „მეგან GT-სა“ და „კლიო RS-ზე“ იყენებს. ოღონდ, მათ შემთხვევაში, მისი სიმძლავრე, შესაბამისად 205 და 220 ცხენის ძალაა.

არაა გამორიცხული, რომ „მეგან RS-ისთვის“ ამ ძრავის მოცულობა 1.8 ლიტრამდე გაიზარდოს. სხვათა შორის, „მეგან RS-ის“ ახალი ძრავითვე აღიჭურვება ქვე-ბრენდ „ალპინის“ პირველი სპორტქარი, რომლისთვისაც მას ფორსირების სამი ხარისხი ექნება - 250, 275 და 300 ცხენის ძალით.

ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგთან“ საუბრისას, ფრიკოტი ხაზს უსვამს, რომ ძრავის სიმძლავრე მისი კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი არაა. ის იხსენბს, რომ „მეგან RS“ ყოველთვის კონკურენტებზე სუსტი ძრავით იყო აღჭურვილი. მაგრამ ნურბურგრინგზე რეკორდსმენი კარგა ხანს სწორედ ფრანგული ჰოტ ჰეჩბეკი იყო. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ეს იქნება რობოტიზებული ტრანსმისია, რომელიც ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით დაუკავშირდება. ახლანდელი „მეგან RS“ 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

ADAPATIONS DEDIEES AUX PROFESSIONNELS


Transport de marchandises, de personnes, de meubles, ... Peu importe la spécialité de votre entreprise, vous trouverez surement un véhicule Renault adapté a vos exigences. Link 1 Link 2

"ფრანს ავტოს" სპონსორობით და მხარდაჭერით და ’’ლიტერატურული ჯგუფის’’ ინიციატივით სკოლებს National Geographic-ი გადაეცათ.

’’ლიტერატურული ჯგუფის’’ ინიციატივით, რომლის მიზანია საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში განათლების დონის ამაღლება, სკოლებს საჩუქრად გადაეცათ National Geographic – ის საინტერესო და ინფორმაციული ერთ წლიანი გამოწერები, 2014 წლის ბიბლიოთეკასთან ერთად. პროექტში მონაწილეობისათვის ‘’ლიტერატურულმა ჯგუფმა’’ გამოიწვია სხვადასხვა მსხვილი ორგანიზაცია, რათა უფრო ხელმისაწვდობი გამხდარიყო National Geographic – ის ჟურნალები ბავშვებისათვის.წამოწყებული ინიციატივა წარმატებით განხორციელდა სს "ფრანს ავტოსა" და რამოდენიმე მსხვილი კომპანიის ხელშეწყობით - მათ შორის სს "ფრანს ავტომ" ქუთაისისა და რუსთავის 10-10 სკოლას შეუძინა 1 წლიანი გამოწერები, 2014 წლის ბიბლიოთეკასთან ერთად. შვიდ დეკემბერს ლიტერატურული ჯგუფის წარმომადგენლები ჩავიდნენ იმერეთისა და რუსთავის სკოლებში და წლიური გამოწერები გადასცეს იმერეთისა და რუსთავის 27 სკოლის ბიბლიოთეკას.



გადადით ბმულზე და იხილეთ სრული სტატია marketer.ge-ზე -http://www.marketer.ge/lit-group-ng/